ახალი ამბები

ქუჩისთვის უკრაინისა და საქართველოს გმირების სახელის დარქმევაზე საკრებულომ არ გვიპასუხა — კასიანოვი

6 დეკემბერი, 2022 • 556
ქუჩისთვის უკრაინისა და საქართველოს გმირების სახელის დარქმევაზე საკრებულომ არ გვიპასუხა — კასიანოვი

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ანდრეი კასიანოვის თქმით, საელჩომ თბილისის საკრებულოს მიმართა თხოვნით, ქუჩას უკრაინელი და ქართველი გმირების სახელი დაერქმია, რაზეც ამ უკანასკნელმა არ უპასუხა.

დღეს კასიანოვმა წლის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. მან პატივი მიაგო უკრაინაში დაღუპულ ქართველ სამხედროებს და განაცხადა, რომ თხოვნების მიუხედავად, თბილისისგან არ მიუიღიათ პასუხი სამხედრო დახმარებაზე.

შემდეგ კი თქვა:

„უკრიანას სჭირდება მორალური მხარდაჭერაც. თუმცა დღემდე არ მიგვიღია ოფიციალური პასუხი თბილისის საკრებულოს თავმჯდომრისგან განმეორებით ოფიციალურ მოწოდებაზე, რომელიც ეხებოდა უკრაინისა და საქართველოს სუვერენტიტეტისა და დამოუკიდებბლობისთვის მებრძოლი გმირების სიმამაცის აღნიშვნას.

დღეს, 6 დეკემბერს,  უკრაინის შეიარაღებულ ძალთა დღეს, უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩის გახსნა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა, რომ პატივი მიგვეგო ყველა იმ უკრაინელი და ქართველი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც სიცოცხლის დაზოგვის გარეშე იცავდნენ ჩვენს ქვეყნებს საერთო მტრისგან – რუსეთისგან“, — თქვა მან.

ბრიფინგის ბოლოს მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დაღუპულ გმირთა ხსოვნის უკვდავყოფას და დასძინა:

„2023 წელს ჩვენი მოვალეობაა უკრაინელი და ქართველ მებრძოლთა ხსოვნის უკვდავყოფა. მათ პატივსაცემად მათი სახელები დავარქვათ ქუჩებს, გამზირებს, სკოლებს, უნივერსიტეტებს, ახალ, თანამედროვე გემებსა და კოსმოსურ ხომალდებს. მივუძღვნათ მათ ჩვენი მოქანდაკეების, მხატვრებისა და პოეტების ნამუშევრები.“

ნეტგაზეთმა კითხვით მიმართა თბილისის საკრებულოს. უწყებისგან პასუხს ველოდებით.

განახლება: თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის თქმით, უახლოეს თვეებში საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის პროცედურა დასრულდება და უკვე შემდეგ განიხილება ნებისმიერი საკითხი.

„ელჩის დანიშვნის შემდეგ, ჩვენ ვართ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი და მივიღოთ იმგვარი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობების შესაფერისი იქნება“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ ჟურნალისტებთან.


ნახეთ ასევე:

საქართველოს 1 თვის წინ ვთხოვეთ გენერატორები, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია – უკრაინა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი