ახალი ამბები

კიევ-პეჩერის ლავრაში მიტროპოლიტი ეპიფანე ბზობაზე წირვას აღავლენს

7 აპრილი, 2023 • 854
კიევ-პეჩერის ლავრაში მიტროპოლიტი ეპიფანე ბზობაზე წირვას აღავლენს

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე 9 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე კიევ-პეჩერის ლავრაში წირვას აღავლენს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესია (ПЦУ) ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მიტროპოლიტი ეპიფანე ლოცვას აღავლენს სამშობლოს მცველთა, უკრაინის გამარჯვებისა და სრულიად უკრაინული ერისთვის.

29 მარტს ამოიწურა ვადა, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ მისცა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას (УПЦ МП) კიევ-პეჩერის ლავრის დასატოვებლად.

რუსული პროპაგანდა აღნიშნულს წარმოაჩენს როგორც უკრაინის ხელისუფლების ბრძოლას ეკლესიასთან და ქრისტიანობასთანაც კი.

საქართველოშიც ვრცელდება დეზინფორმაცია მოქმედი სამონასტრო კომპლექსის მუზეუმ-ნაკრძალად გადაკეთებისა და იქ ღვთისმსახურების შეწყვეტის შესახებ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

კიევ-პეჩერის ლავრას ისედაც ეროვნული ნაკრძალის სტატუსი აქვს და უკრაინის სახელმწიფოს საკუთრებაშია.

ის მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული ეკლესიისთვის უსასყიდლოდ სარგებლობაშია გადაცემული 2013 წლის 19 ივლისის ხელშეკრულებით, რომელიც უკრაინამ 29 მარტიდან გააუქმა.

უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის წინამძღოლი, კიევ-პეჩერის მიძინების ლავრის ახალი არქიმანდრიტი, მიტროპოლიტი ეპიფანე ირწმუნება, რომ კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე მდებარე მონასტერი არ დაიხურება და ღვთისმსახურების ენა, თანამედროვე უკრაინულთან ერთად, ძველი სლავური იქნება.

უკრაინაში ორი მართლმადიდებლური ეკლესიაა:

  • ავტოკეფალური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (ПЦУ)
  • მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (УПЦ МП).

УПЦ МП-ის მღვდლებს ახლა კიევ-პეჩერის ლავრას ატოვებინებენ.

უკრაინის ერთიანი, ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია 2018 წლის 15 დეკემბერს შეიქმნა. ამავე დღეს აირჩიეს წინამძღოლად მიტროპოლიტი ეპიფანე. უკრაინის ეკლესიამ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოსგან ავტოკეფალიის ტომოსი 2019 წლის დასაწყისში მიიღო. დროთა განმავლობაში უკრაინის ავტოკეფალია აღიარეს ალექსანდრიისა და აფრიკის საპატრიარქოს, ასევე, ელადისა (საბერძნეთის) და კვიპროსის ეკლესიებმა.

უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესიის გამოცხადებით ქვეყნის საეკლესიო ცხოვრებაში ახალი, რუსეთისთვის არასასურველი რეალობა დადგა, თუმცა მოსკოვზე დაქვემდებარებულ ეკლესიას არსებობა არ შეუწყვეტია: ომის დაწყებამდე მოსკოვის საპატრიარქოსა და მის მეთაურს, პატრიარქ კირილს, უკრაინის ტერიტორიაზე არსებული 12 000 სამრევლო ექვემდებარებოდა და მოსკოვი განკარგავდა მრავალ ეკლესია-მონასტერს. კიევ-პეჩერის ლავრა, ქვეყნის მთავარი მართლმადიდებლური კომპლექსი, ბოლო დრომდე სწორედ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის ეკლესიის რეზიდენცია იყო.

თუმცა 24 თებერვლის შემდეგ სურათმა მნიშვნელოვნად შეიცვალა: საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებდა, რომ იმ უკრაინელ მართლმადიდებელთა ნახევარს, რომლებიც ამ დრომდე რუსეთზე დაქვემდებარებული ეკლესიის წევრები იყვნენ, სურდათ, მათ ეკლესიას მოსკოვთან და კირილთან კავშირი გაეწყვიტა.

როგორც მრევლის, ისე არაერთი სასულიერო პირის აღშფოთების მიზეზი მოსკოვის პატრიარქის მიერ რუსეთის ომის მხარდაჭერა გახდა.

მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ეკლესიის ასობით მღვდელმა მოითხოვა, კირილი საერთაშორისო საეკლესიო ტრიბუნალის წინაშე წარდგეს. ასობით სამრევლომ საერთოდ დატოვა ეს ეკლესია და უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიაში გადაინაცვლა.

ამ ვითარებაში მოსკოვზე დაქვემდებარებულმა უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ „სრული ავტონომიისა და დამოუკიდებლობის” შესახებ განაცხადა. УПЦ МП-ის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ონოფრემ დაგმო რუსეთის აგრესია და აღნიშნა, რომ არ ეთანხმება ომზე მოსკოვის პატრიარქ კირილის პოზიციას.

თუმცა უკრაინის ხელისუფლებას, ისევე როგორც ავტოკელაფურ ეკლესიას, ეპიფანეს ხელმძღვანელობით, ამ გამიჯვნის არ სჯერათ.

თეოლოგების განმარტებით, ეს უფრო იძულებითი ფორმალობა იყო, ვიდრე ქმედითი ნაბიჯი და ონოფრეს არ გაუწყვეტია რუსეთის ეკლესიასთან ევქარისტული კავშირი.

ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი