ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, დღეს, 6 აპრილს, „მთავარი არხის“ ეთერში მივიდა, სადაც უპასუხა კითხვებს ქართველი მოსამართლეებისთვის დაწესებულ სანქციებსა და „ქართული ოცნების“ ლიდერთა რეაქციებზე.
„სანქციები ამ ოთხ კონკრეტულ პირზეა მიღებული. ეს არის ძალიან საგულდაგულო პროცესის შედეგი. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ინსტრუმენტი კორუფციასთან ბრძოლისთვის, ასევე, მართლმსაჯულების უზენაესობის მხარდაჭერისა და დამოუკიდებელი სასამართლოს მხარდაჭერისთვის.
ჩვენ წინასწარ არ ვაანონსებთ ჩვენს საქციებს. ჩვენ, როგორც ვთქვით, გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან და ხელისუფლებასთან ერთად ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ. მხარს დავუჭერთ იმ ძალისხმევას, რაც ქართველებმა განახორციელეს სასამართლოს განვითარებისთვის, რომ არ იყოს კითხვები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე.
მოსახლეობის ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია სხვადსხვა საკითხზე. ეს არის თავისუფალი არჩევნები, არის თუ არა თანაბარი პირობები ბიზნესდავებისას. ეს ასევე არის მნიშნელოვანი საქართველოს წევრობისთვის ნატოსა და ევროკავშირისთვის, სადაც სამართლის უზენაესობა არის მთავარი მოთხოვნა“, — განაცხადა კელი დეგნანმა.
5 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა საქართველოში სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს.
სანქცია გულისხმობს მოსამართლეების — ლევან მურუსიძის, მიხეილ ჩინჩალაძის, ირაკლი შენგელიას, ასევე ყოფილი მოსამართლე ვალერიან ცერცვაძისთვის და მათი ოჯახებისთვის აშშ-ში შესვლის აკრძალვას.