ახალი ამბები

ბადრი ესებუას ბესლან ანჩაბიძის სახელზე გაცემული აფხაზური „პასპორტი“ ჰქონდა — „მთავარი არხი“

10 თებერვალი, 2023 • 1885
ბადრი ესებუას ბესლან ანჩაბიძის სახელზე გაცემული აფხაზური „პასპორტი“ ჰქონდა — „მთავარი არხი“

„მთავარი არხის“ განცხადებით, ბადრი ესებუას დაკავების ოქმი მოიპოვეს, სადაც აღწერილია ის ნივთები, რაც ბრალდებულს დაკავების მომენტში თან ჰქონდა.

ტელეკომპანიის განცხადებით, ესებუას თან ჰქონდა აფხაზეთის ე.წ. პასპორტი ბესლან ანჩაბაძის სახელითა და გვარით, 295 000 რუსული რუბლი, 3 000 ქართული ლარი, მაკაროვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, რამდენიმე ათეული ვაზნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბარათი და “პრადას” საფულე:

„2023 წლის 8 თებერვალს, განსაკუთრებული აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩატარებული იქნა ჩხრეკა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში მცხოვრებ გვექე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში, რის შედეგადაც დაკავებული იქნა ძებნილი ბადრი ესებუა. ოთახში მდგომი ორსაწოლიანი საწოლის ქვეშაგებს ზემოთ დევს ერთი ცალი შავი ფერის პისტოლეტის მაგვარი საგანი. პისტოლეტის მაგვარ საგანს ლულაში მოთავსებული აქვს ერთი ცალი ვაზნა, მორგებული აქვს ერთი ცალი მჭიდი, რომელშიც დევს რვა ცალი ვაზნა.

იქვე საწოლის ქვეშაგების ზედაპირზე დევს ორი ცალი მჭიდი. ერთი მჭიდი არის ცარიელ მდგომარეობაში, ხოლო მეორე მჭიდში დევს რვა ცალი ვაზნა. იატაკზე დევს მოშავო ფერის კაპიუშონიანი ქურთუკი, “colins-ის” ფირმის, რომლის მარცხენა ჯიბეში აღმოჩნდა Prada-ს ფირმის საფულე, ერთი ცალი “მეტრომანის” ბარათი, ერთი ცალი სიმბარათი. ამავე ჯიბეში აღმოჩნდა 7 ცალი 5-ლარიანი და 1 ცალი 10-ლარიანი კუპიურა, სულ 45 ლარი.

ამავე ქურთუკის მარცხენა გარეთა ჯიბეში დევს გასაღები, რომელსაც ჩამოკიდებული აქვს მწვანე ფერის ბრელოკი… ამავე ჩანთიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი მაჯის საათი, “Viforce-ს” ფირმის, ერთი ცალი კბილის ჯაგრისი, ერთი ცალი კბილის პასტა, ერთი ცალი სველი ქაღალდი, აეროზოლი, 4 ცალი ფრჩხილის საჭრელი, ტელეფონის დამტენი, ერთი ცალი “ფოვერბანკი”, პისტოლეტის ჩასადები ჩიხოლი, ერთი ცალი, 9 ცალი ვაზნა, რომელიც მოთავსებულია პარკში, მუყაოს ყუთი, რომელშიც მოთავსებულია 4 ცალი ვაზნა, მუყაოს ყუთი 10 ვაზნით, ორი ცალი მუყაოს ყუთი 25 ვაზნით, სულ 50 ვაზნით, ერთი ცალი მზის სათვალე, ერთი ცალი აფხაზური პასპორტი, ანჩაბაძე ბესლანი, სახელი გვარით. […] ერთი წყვილი სამხედრო ფორმა, შარვალი, ქურთუკი და ქუდი“ ,- წერია „მთავარი არხის“ მიერ მოპოვებულ დოკუმენტში.

ბადრი ესებუა 8 თებერვალს, ნათესავის სახლში დააკავეს, რომელიც „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ესებუას მშობლების სახლიდან 2 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. შსს დამატებით ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ავრცელებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს იძულებას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი