1 მაისს ლაზარე გრიგორიადისის პროცესის პარალელურად სასამართლოსთან აქცია გაიმართება.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, 7-9 მარტის სამართლიანმა, ძლიერმა და ახალგაზრდულმა პროტესტმა საქართველოს ისტორია საბედისწერო შეცდომისგან იხსნა, თუმცა ხელისუფლებამ ამ პროტესტის მონაწილეთა დემონიზებისა და სამაგალითო დასჯის გზა აირჩია და ადამიანები, რომლებმაც ქვეყანას დემოკრატიული განვითარების შანსი შეუნარჩუნეს, დღეს პოლიტიკური დევნის სამიზნე გახდნენ:
„21 წლის ლაზარე გრიგორიადისი რუსულ კანონთან ბრძოლისა და პროტესტის სიმბოლოდ იქცა. ლაზარე სამშობლოს სიყვარულისთვის დღეს ციხეში ზის და 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მისი შემდგომი სასამართლო პროცესი 1 მაისს, 17:00 საათზე გაიმართება. ლაზარეს საქმის განხილვის პარალელურად, ჩაინიშნა თორნიკე აკოფაშვილის პროცესი. ხელისუფლება მასაც სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება.
დღეს ჩვენ, ის ადამიანები, რომლებიც ვაცნობიერებდით ხელისუფლების ანტიკონსტიტუციურ ნაბიჯს და წინააღმდეგობას ვუწევდით მას, ვალდებულად ვთვლით თავს, ბოლომდე ვიბრძოლოთ თავისუფლების მოყვარე ლაზარეს სისტემისგან გამოსახსნელად. 7-9 მარტის პროტესტს არ ჰყოლია დამნაშავე ხელისუფლების გარდა“ ,— აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან “რუსული კანონის” წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილს ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას.
დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 მარტს მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
