ახალი ამბები

დეპუტატები: პაპუაშვილმა ლაზარე გრიგორიადისის მონახულებაზე უარი გვითხრა

4 აპრილი, 2023 • 1279
დეპუტატები: პაპუაშვილმა ლაზარე გრიგორიადისის მონახულებაზე უარი გვითხრა

ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ უარი უთხრა ლაზარე გრიგორიადისის ციხეში მონახულებაზე.

პარლამენტის თავმჯდომარისგან ლაზარე გრიგორიადისის  ციხეში მოინახულების ნებართვას ითხოვდნენ „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, იმ პირობებში, როცა პარლამენტის თავმჯდომარე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარს ეუბნება პარლამენტის წევრს, ისარგებლოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით, ჩნდება ეჭვი, რომ ლაზარე გრიგორიადისის უფლებები ციხეში სერიოზული რისკის ქვეშაა.

„ჩვენ ვსაუბრობთ პატიმარზე, რომელიც ჯერ კიდევ დაკავებამდე იყო დემონიზებული და ფაქტობრივად განაჩენის გარეშე დამნაშავედ გამოცხადებული მთელი სახელმწიფო სისტემის მხრიდან და ვისთან დაკავშირებითაც ბოლო 24 საათში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი უფლებები ციხეში ილახება. პარლამენტის წევრის არდაშვება წარმოადგენს ძალიან მძიმე ფაქტს და ამყარებს ეჭვებს, რომ ლაზარე არ არის ჩვეულებრივი პატიმარი და არის ადამიანი, რომელსაც მთელი სისტემა უპირისპირდება მანამ, სანამ მისი დამნაშავეობა თუ უდანაშაულობა არც კი გარჩეულა სასამართლოში“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

როგორც ანი წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, ლაზარე გრიგორიადისის მონახულებაზე უარის თქმა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას,  რომ ხელისუფლებას ლაზარეს საქმესთან დაკავშირებით რაღაც აქვს დასამალი.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება რაციონალურია, რათა საქმის „ჭარბი პოლიტიზება“ არ იქნას დაშვებული.

„თუ უნდა ვინმეს დარწმუნდეს, რომ უფლებები არაა დარღვეული, არიან შესაბამისი პირები, მაგალითად, ადვოკატი, და აქ არის შეუფერხებელი წვდომა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


21 წლის ლაზარე გრიგორიადისს პროკურატურა „უცხოეთის აგენტებზე“ რუსული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებისას მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება. მას შვიდიდან თერთმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ თქვა, რომ მას ნების საწინააღმდეგოდ გადაჰპარსეს თმა, ასევე არ მისცეს ადვოკატთან შეხვედრის უფლება და არ დაარეკვინეს ადვოკატთან.

სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ლაზარე გრიგორიადისს თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაჰპარსეს.

ამ თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი