ახალი ამბები

მოსკოვი თბილისის აქციების უკან „ოცნების“ პრაგმატული კურსით უკმაყოფილო“ დასავლეთს ხედავს

29 მარტი, 2023 • 2502
მოსკოვი თბილისის აქციების უკან „ოცნების“ პრაგმატული კურსით უკმაყოფილო“ დასავლეთს ხედავს

რუსეთი საქართველოში მარტის დასაწყისში გამართული საპროტესტო აქციების უკან ხედავს დასავლეთის ქვეყნების მისწრაფებებს, ვითარების დესტაბილიზაცია მოახდინონ ქვეყანაში, დაარწმუნონ ის უკრაინის აქტიური მხარდაჭერასა და რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტაში.

სააგენტო „ტასის“ ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა RTVI-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„მარტის საპროტესტო აქციების მიღმა ჩვენ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული კურსით უკმაყოფილო დასავლეთის სურვილს, შეარყიოს ვითარება რესპუბლიკაში, უბიძგოს მის ხელმძღვანელობას უკრაინის უფრო აქტიური მხარდაჭერისკენ და რუსეთთან კავშირის გაწყვეტისკენ“, – განაცხადა დიპლომატიური დეპარტამენტის უფროსმა.

რუსი დიპლომატის თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და საქართველოზე დასავლეთის ზეწოლის მცდელობების მიუხედავად, რუსულ და ქართულ მხარეებს შორის „თანამშრომლობა ვითარდება, უპირველეს ყოვლისა, სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროებში“.

გალუზინმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ „რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზაცია, გაერთიანებული საერთო ისტორიითა და კულტურით, მილიონობით ადამიანის საერთო ბედით, სრულად აკმაყოფილებს ორი ქვეყნის ხალხების ინტერესებს“.

7-8 მარტის პროტესტი თბილისში

„ქართული ოცნება“ საქართველოში „უცხოეთის აგენტებზე“ რუსული კანონის მიღებას გეგმავდა.

მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

აშშ და ევროკავშირი თავიდანვე აცხადებდნენ, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო დაკარგავდა შანსს, მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მიუხედავად ამისა, პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც მრავალათასიანი, მძლავრი პროტესტი მოჰყვა.

ხელისუფლება 2 დღე შლიდა აქციას, რასაც დემონსტრანტთა ნაწილის წინააღმდეგობა სდევდა თან. ამ პერიოდში რუსთაველის გამზირზე დაზიანდა ავტომობილები, პარლამენტის შენობა, დაშავდა 50-მდე პოლიციელი და აქციის არაერთი მონაწილე, დაკავებულთა რაოდენობამ კი 130-ს გადააჭარბა.

საბოლოოდ, მძლავრი პროტესტის ფონზე ხელისუფლებამ უკან დაიხია და „აგენტებზე“ ორივე კანონპროექტი 10 მარტს უკან გაიწვია.

თუმცა ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ანტიდასავლურ რიტორიკას, ასევე, ცდილობს საპროტესტო აქციის მონაწილეთა დისკრედიტაციას სხვადასხვა იარლიყის მიკვრით, თითქოს საპროტესტო აქციის მონაწილეები იყვნენ „ნაცები“, „ეკლესიის მტრები“, „სატანისტები“ და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი