ახალი ამბები

მოსამართლე მაკა გველესიანი აშშ-ში წასვლის მიზეზებს განმარტავს

29 მარტი, 2023 • 4960
მოსამართლე მაკა გველესიანი აშშ-ში წასვლის მიზეზებს განმარტავს

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის ყოფილი მოსამართლე მაკა გველესიანი აშშ-ში ემიგრაციაში წასვლის მიზეზებს განმარტავს.

ყოფილი მოსამართლის განცხადებას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ დიმიტრი გვრიტიშვილის გამოხმაურებასთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს. ისინი ეხმაურებიან „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, რომლის თანახმადაც, თანამდებობაზე უვადოდ განწესებული მოსამართლე ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრაციაში წავიდა. ეს ინფორმაცია ტელეკომპანიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ ლევან მურუსიძემაც დაუდასტურა.

წერილში მაკა გველესიანი აშშ-ში გამგზავრებას ხსნის შვილის მკურნალობის საჭიროებიდან გამომდინარე, თუმცა ამავე წერილიდან ირკვევა, რომ „მწვანე ბარათზე“ განაცხადი დიაგნოზის დადგენამდე ჰქონდა შევსებული.

„2021 წლის თებერვალში ჩემს ერთ-ერთ შვილს დაუდგინდა ავტოიმუნური დაავადება, რომელიც მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას და მედიკამენტების მიღებას საჭიროებს. მალევე, 2021 წლის მაისში, მოვიგეთ აშშ-ის „მწვანე ბარათი“. ვინაიდან აღნიშნული დიაგნოზის პაციენტების სრულყოფილი გამოკვლევა არც მაშინ და არც ამჟამად ვერ ხერხდება საქართველოში, გადავწყვიტეთ გავმგზავრებულიყავით აშშ-ში ვიზის მიღების შემდეგ“, — წერს ყოფილი მოსამართლე.

მაისში ცნობილი ხდება მწვანე ბარათის ლატარიაში გამარჯვებულთა ვინაობა, რომელთაც განაცხადი წინა წლის შემოდგომაზე შეავსეს.

გველესიანის თქმით, 2022 წლის 1 ივლისს უკვე მიღებული ჰქონდათ ვიზები, მაგრამ მისი დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე ოქტომბრის ბოლომდე ვერ შეძლეს წასვლა. ასევე, ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ყოფილი კოლეგები ინფორმირებული იყვნენ მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ, რისი გათვალისწინებითაც განცხადება არაანაზღაურებადი შვებულების შესახებ დაკმაყოფილდა. ხოლო მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებიც შვებულებაში გასვლამდე 2-3 დღით ადრეც ჩვეულებრივ რეჟიმში ეწერებოდა და ფიზიკურად ვერ შეეძელო განხილვა, თანაშემწის მიერ მხარეები გაფრთხილებული იქნა მისი შვებულებაში ყოფნის და საქმეების განხილვის გადადების თაობაზე.

„შვებულების პერიოდში ვერ შევძელით ჩემი შვილისთვის სრულყოფილი სამედიცინო შემოწმების ჩატარება, ვინაიდან დაზღვევის საბუთების მოწესრიგებას და პედიატრთან კვლევას დასჭირდა დრო. პედიატრის მიმართვის საფუძველზე კი მხოლოდ 2023 წლის 3 იანვარს მოხერხდა ვიზიტის ჩანიშვნა ბავშვთა ენდოკრინოლოგთან. ექიმთან ვიმყოფებოდით 20 იანვარსაც, ხოლო შემდეგი ვიზიტი გვაქვს 21 აპრილს, როგორც უკვე აღვნიშნე აღნიშნული დაავადება მუდმივ სამედიცინო კონტროლსა და მკურნალობას საჭიროებს, რისი გათვალისწინებითაც ჩემი ერთჯერადი ჩამოსვლა აშშ-ში საკმარისი [არაა]. აღნიშნულის გათვალისწინებით, მივიღე გადაწყვეტილება დამეტოვებინა მოსამართლის თანამდებობა“, — წერს მოსამართლე.

მაკა გველესიანის თქმით, მას და მის მეუღლეს 2015 წლიდან ჰქონდათ ათწლიანი ვიზები აშშ-ში, მაგრამ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონდა არც ქვეყნიდან გაქცევას და არც უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების მიმართ. გველესიანი, ასევე, სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს მოსამართლეებს არ აქვთ შესაბამისი სამუშაო პირობები.

„პირადად ჩემი წასვლა ქვეყნიდან არ არის დაკავშირებული ჩემს სამსახურთან და პირიქით, მადლობა სასამართლოს მენეჯმენტს იმ მშვიდი და ორგანიზებული გარემოსთვის, რომელიც იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში… ჩემთვის მუდმივი დედობის სტატუსია, მოსამართლეობა კი დროებითი თანამდებობა (რაც არ უნდა მას კანონი უვადოს უწოდებდეს), ამიტომ მე, როგორც მშობელმა, ჩემი შვილის ჯანმრთელობიდან გამომდინარე, მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომელსაც ჩემი მოსაზრებით ყველა მშობელი მიიღებდა“, — ამბობს იგი.

დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებაში, თავის მხრივ, ნათქვამია, რომ 25 მარტს „TV პირველმა“ „მორიგი აბსურდული, ცილისმწამებლური სიუჟეტი შესთავაზა საზოგადოებას იმის შესახებ, თითქოს მოსამართლე მაკა გველესიანი ემიგრაციაში წავიდა (გაიქცა) სასამართლოში არსებული გაუსაძლისი პირობების გამო“.

„ცხადია, რომ სასამართლოს დაზიანების ინტერესით მოქმედმა „ჟურნალისტებმა“ აიძულეს ადამიანი, თანაც ქალი, საჯაროდ ესაუბრა მისთვის ორმაგად მტკივნეულ თემაზე: გაემჟღავნებინა მისი შვილის ჯანმრთელობის შესახებ კანონით დაცული, განსაკუთრებული პერსონალური მონაცემები, რის გამოც წარმატებულმა მოსამართლემ უარი თქვა კარიერაზე და დედის მოვალეობის სათანადოდ შესრულების მიზნით დატოვა სამშობლოც“, — აცხადებს გვრიტიშვილი და აინტერესებს, როგორ შეაფასებს ამ ფაქტს არასამთავრობო სექტორი.

მაკა გველესიანისა და დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა ჟურნალისტი ნოდარ მელაძე.

„ინფორმაცია მოსამართლე გველესიანის ქვეყნიდან წასვლის შესახებ ინტერვიუში თავად ლევან მურუსიძემ დაადასტურა და დაამატა, რომ თქვენ (ჟურნალისტების) გამო გარბიან ქვეყნიდან ჩემი კოლეგებიო, რომ მათ თქვენ აბულინგებთ და მეც კი მიფიქრია ქვეყნის დატოვებაზეო. თუ რაიმე დამატებითი ინფორმაციის მოწოდება სურდა ლევან მურუსიძეს ან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ამისთვის ინტერვიუს ჩაწერიდან ეთერში გასვლამდე ჰქონდა სრული 2 კვირა, რაც გონივრულ ვადაზე მეტია! ლევან მურუსიძეს შეეძლო პოზიციის შეთანხმება მოსამართლესთან და მისი პასუხის გამოგზავნა ჩვენთვის, ამისთვისაც ჰქონდა ორი კვირა, რაც არ გააკეთეს. თუ ჰქონდათ ინფორმაცია უვადო მოსამართლის ქვეყნიდან წასვლის მიზეზებზე დეტალურად, რატომ არ გვითხრეს?! ინტერვიუს დროს გვრიტიშვილი ამბობს, „ვერ გეტყოდითო“. თუ ვერ გვეტყოდნენ, საიდან უნდა გაგვეგო?!
ორი კვირის განმავლობაში ჟურნალისტი მივიდა სააპელაციო სასამართლოში, ესაუბრა მოსამართლის თანაშემწეს, ჩაწერა ინტერვიუ ლევან მურუსიძესთან, მივიდა მოსამართლის მისამართზე, კიდევ სად უნდა გადაგვემოწმებინა ინფორმაცია?!“ — წერს მელაძე.

„ტვ პირველთან“ ინტერვიუში ლევან მურუსიძე ამბობს, რომ ქვეყნიდან წასვლაზე მასაც უფიქრია, რადგან მოსამართლეებს ჟურნალისტების გამო მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა.

მაკა გველესიანი პირველი მოსამართლე არაა, რომელიც აშშ-ში ემიგრაციაში წავიდა. მანამდე ასევე უვადოდ განწესებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მაია სვიანაძე აშშ-ში შვებულების შემდეგ უკან არ დაბრუნებულა და მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება ითხოვა. მაია სვიანაძის თქმით, მისი წასვლა არც კონკრეტულ საქმეს და არც რამე სახის პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი