ახალი ამბები

არასამთავრობოების სოლიდარობა “პალიტრა მედიას”

29 მარტი, 2023 •
არასამთავრობოების სოლიდარობა “პალიტრა მედიას”

არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავენ და ეხმაურებიან საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და დამოუკიდებელი მედიაჰოლდინგის, „პალიტრა მედიის“, ირგვლივ მიმდინარე პროცესებს.

უკვე მეორე დღეა, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ „პალიტრა მედიის“ წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია წამოიწყო — ჯერ პროპაგანდისტულმა ვებსაიტებმა გაავრცელეს ცნობები, თითქოს მედიაკომპანიას თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი აფინანსებს, შემდეგ კი აღნიშნული რიტორიკა საჯარო გამოსვლით გააძლიერა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც.

ნეტგაზეთი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“რუსული კანონის იძულებით გაწვევის შემდეგ, პარტია „ქართულმა ოცნებამ“, მისი სატელიტი პარტიების, ორგანიზაციებისა და პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მეშვეობით, დაიწყო ღია და დაუფარავი კამპანია, რომლის მიზანი არის მისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ნებისმიერი იმ ჯგუფის დისკრედიტაცია, რომელიც არ არის პირდაპირ დამოკიდებული ქართულ ოცნებაზე, რასაც ასევე ეწირება საქართველოს გრძელვადიანი საგარეო პოლიტიკური ეროვნული ინტერესები.

კამპანია, რომელიც დაიწყო პალიტრა ჰოლდინგის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ ცალსახად მიანიშნებს, რომ ხელისუფლებაში მყოფ ძალას არ აინტერესებს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ან ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულება; დეპოლარიზაციის ნაცვლად, ხელისუფლება ცდილობს გააღრმავოს პოლარიზაცია, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.

სოლიდარობას ვუცხადებთ „პალიტრა ჰოლდინგს“ და ყველა მედიასაშუალებას, რომელზეც მიმდინარეობს ღია და დაუფარავი თავდასხმა ქართული ოცნებისა და მისი სატელიტი პარტიების, ორგანიზაციებისა და პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მხრიდან.

მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, გამოიჩინოს პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეებისა და მომავლის წინაშე და უარი თქვას დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ მიზანმიმართული და კოორდინირებული თავდასხმის განხორციელებაზე, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას დეპოლარიზაციისთვის, შეასრულოს ევროკავშირის 12 პრიორიტეტი და უზრუნველყოს საქართველოს ევროპული მომავლის მიღწევა”.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)

დემოკრატიის ინდექსი – საქართველო (DIG)

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

მედიის ინსტიტუტი საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

საქართველოს ატლანტიკური საბჭო ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი „მედიახმა“ მედიის განვითარების ფონდი (MDF)

სამოქალაქო იდეა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

უფლებები საქართველო მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD)

მწვანე ალტერნატივა

მასალების გადაბეჭდვის წესი