საზოგადოება

შათირიშვილის კრიტიკის შემდეგ პალიტრაზე გადაცემა დაიხურა

25 მაისი, 2023 •
შათირიშვილის კრიტიკის შემდეგ პალიტრაზე გადაცემა დაიხურა

„პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმი“, რომელიც ჟურნალისტ კოკა კვირველიას მიჰყავდა, მოულოდნელად დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად კოკა კვირკველიამ დღეს, 25 მაისს, გაავრცელა.

გადაცემის დახურვას რამდენიმე საათით წინ უძღოდა ზაზა შათირიშვილის მიერ კონსპირაციების შემცველი მორიგი წერილის გავრცელება, სადაც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ექსპერტი ტელეარხს აკრიტიკებდა.

„ასე და ამგვარად, ეს დღეც დადგა, ოღონდ სიურპრიზად გავიგე ახლახანს. პოლიტიკური გადაცემა „ნიუსრუმი“, რომელსაც აგერ 5 წელია ვაკეთებ და ვფიქრობ, არც თუ ისე უხარისხოდ, ეთერში არ გავა. მადლობა ყველა ჩემს კოლეგას, პროდიუსერებს, კამერამენებსა და ტექნიკურ მხარდამჭერებს, ვინც ამ გადაცემაზე ვმუშაობდით. რა თქმა უნდა, მადლობა ჩემს სტუმრებს, რომლებთანაც ბევრი საინტერესო ეთერი მქონია. ამ ეტაპზე სათქმელი მეტი არაფერი მაქვს“, — დაწერა კოკა კვირკველიამ ფეისბუკზე.

რა თქვა ზაზა შათირშვილმა?

ზაზა შათირშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში საჯარო სივრცეში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად პოზიციონირებს, დღეს გავრცელებულ წერილში ამტკიცებს, რომ ამერიკელები „საქართველოში ფსევდოშუაშისტური ფრთის ჩამოყალიბებას ცდილობენ“, რისი გაგრძელებაც მედიაჰოლდინგ „პალიტრას“ „კეზერაშვილისთვის მიბარებაა“.

„პალიტრა მედიის“ წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტის ბოლოს წამოიწყო. მმართველი პარტიის ლიდერებიც ირწმუნებოდნენ, რომ „პალიტრა მედიას“ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი აფინანსებს. თუმცა მოგვიანებით თავადვე აღიარეს, რომ ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ ჰქონდათ.

„ფსევდოშუაშისტური ფრთის გაძლიერებას სჭირდება ფსევდოშუაშისტური მედიაპლატფორმა, რისთვისაც „პალიტრა“ საუკეთესო ინსტრუმენტი იყო. თუმცა, კარგია, რომ „ქართული ოცნება“ ჩანაფიქრს მალევე მიხვდა და ახალ „ფორმულად“ ქცეულ „პალიტრას“ დროულად გაემიჯნა“, — ვკითხულობთ შათირიშვილის დღევანდელ, 25 მაისის წერილში, რომელიც სამთავრობო მედიებმა გაავრცელეს.

როგორც შათირიშვილის წერილიდან ირკვევა, მისი ახალი წერილის გავრცელება სწორედ კოკა კვირველიას გადაცემამ გამოიწვია. კერძოდ, 23 მაისს, კოკა კვირველიას გადაცემაში სტუმრად ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი იმყოფებოდა, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლა არ გამორიცხა.

ზაზა შათირიშვილის კონსპირაციის თანახმად კი ამერიკელებმა „ფსევდოშუაშისტური ფრთის ჩამოყალიბების მიზნით“ პოლიტიკურ სცენაზე ვიქტორ ყიფიანი გამოიყვანეს.

„იმავე მიზნით, ამერიკელებმა ცოტა ხნის წინ პოლიტიკურ სცენაზე გამოიყვანეს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი, რომელსაც ალაპარაკებენ, წარსული უნდა დავივიწყოთ და მხოლოდ წინ უნდა ვიყუროთო. ყიფიანს კარგად უნდა ესმოდეს, რომ წარსულის და მით უმეტეს, ნაცმოძრაობის მიერ წარსულში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების შეფასების გარეშე, წინ სწორად ვერ ივლი და აუცილებლად ფეხი დაგიცდება. თუმცა, მისი ამ მესიჯიდან ცხადად იკითხება ამერიკელების მიზანი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნაციონალებისა და ფსევდოშუაშისტების კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბონ და საქართველოში ახალი აგენტოკრატია დაამყარონ.

საბედნიეროდ, ამერიკელები დაგეგმვისას შეცდომას ხშირად უშვებენ ხოლმე და ვიქტორ ყიფიანს ე.წ. ეროვნული თანხმობის პროცესი ბაჩო ახალაიას ყოფილ პირველ მოადგილესთან და ნიკა გვარამიას საყვარელ ექსპერტთან, ნოდარ ხარშილაძესთან ერთად დააწყებინეს, რითაც ყველაფერს თავადვე მოჰფინეს ნათელი“, – ნათქვამია შათირიშვილის სახელით გავრცელებულ წერილში.

რას ამბობენ „პალიტრანიუსში“?

ნეტგაზეთის ინფორმაციით, გადაცემის დახურვის მიზეზად წამყვანს დაბალი რეიტინგი დაუსახელეს.

თუმცა „პალიტრანიუსის“ დირექტორი ლევან ტაბატაძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ გადაცემა წინასწარ დაგეგმილი შიდა რეორგანიზაციის გამო, „უბრალოდ, გააჩერეს“.

ლევან ტაბატაძე „უბრალო დამთვხვევას“ უწოდებს კოკა კვირკველიას გადაცემის დახურვასა და ზაზა შათირიშვილის წერილის ერთ დღეს გავრცელებას.

„კოკა ისევ რჩება ტელევიზიაშიც და რადიოშიც საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. გადაცემა უბრალოდ გავაჩერეთ განახლების მიზნით, ჩვეულებრივი შიდა რეორგანიზაციაა, რომელიც ყველა დანარჩენ ტელევიზიაში გეგმიურად ხდება ხოლმე. ზოგი როდის იწყებს ხოლმე ამ განახლებას, ზოგი  როდის“, – აცხადებს ლევან ტაბატაძე ნეტგაზეთთან.

როგორც ლევან ტაბატაძე ამბობს, კოკა კვირკველიას გადაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად მიიღო და მათ სარედაქციო პოლიტიკაში არავინ ერევა.

„წარმოუდგენელია ამ ორი თემის ერთმანეთთან დაკავშირება. ჩვენი ტელევიზია დამოუკიდებელია და ყოველგვარი ჩარევის გარეშე ვიღებთ გადაწყვეტილებებს, გვაქვს საკუთარი სარედაქციო პოლიტიკა და ხან ერთ, ხან მეორე მხარეს არ მოსწონს ხოლმე ჩვენი პოზიცია[…]

დამიჯერეთ, ეს გადაწყვეტილება ჩემი მიღებულია. ის წერილი მანამდე წაკითხულიც არ მქონდა. რაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დამირეკა და  სცადა ამ ორი თემის მიბმა, მას მერე წავიკითხე. წარმოუდგენელია და უბრალოდ, სისულელეა ამ ორი თემის ერთმანეთთან დაკავშირება“, — აცხადებს ლევან ტაბატაძე.

ნეტგაზეთი ტაბატაძისთვის დამატებითი კითხვების დასმასაც აპირებდა, თუმცა მან საუბრის გაგრძელება არ ისურვა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი