ახალი ამბები

კობახიძის თქმით, “პალიტრისა” და კეზერაშვილის კავშირზე მტკიცებულებები არ აქვს

31 მარტი, 2023 •
კობახიძის თქმით, “პალიტრისა” და კეზერაშვილის კავშირზე მტკიცებულებები არ აქვს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილის მიერ “პალიტრა მედიის” დაფინანსების შესახებ მტკიცებულებები არ აქვს.

თუმცა, მისი თქმით, კეზერაშვილსა და “პალიტრას” შორის კავშირზე აღნიშნული მედიის კრიტიკულობის გამო საუბრობენ.

“მე არ მაქვს მტკიცებულებებით გამყარებული ინფორმაცია, მაგრამ თუ გადავხედავთ ამ ტელევიზიის თუ ზოგადად ამ ჰოლდინგის პროგრამის შინარსს და ამის ცვლილებას გასული სამი თვის განმავლობაში, რეალურად, აშკარად ჩანს, რომ არის გარკვეული ცვლილებები აშკარად განხორციელებული დაფინანსების ნაწილში.

თუ ადრე „პალიტრა“ ჰოლდინგი ცდილობდა მაუწყებლობას როგორც ნეიტრალური მაუწყებელი, დღეს ის გახდა უკვე კეზერაშვილის ტელევიზიის ანალოგი „ფორმულა 2“. თუ ადრე ცდილობდა წარმოჩენილიყო როგორც ზომიერი, დაბალანსებული ტელევიზია, დღეს დაემსაგვსა კეზერაშვილის ტელევიზია “ფორმულას” და განსხვავება მათ შორის არ არის. ეს ამყარებს ეჭვს, რომ აქ ურევია კეზერაშვილის სისხლიანი ფული”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ „პალიტრა მედიის“ წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია წამოიწყო — ჯერ პროპაგანდისტულმა ვებსაიტებმა გაავრცელეს ცნობები, თითქოს მედიაკომპანიას თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი აფინანსებს. შემდეგ კი აღნიშნული რიტორიკა საჯარო გამოსვლით გააძლიერა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც.

„პალიტრა მედია“ ცილისწამებასა და სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დავით კეზერაშვილი მათ კომპანიას აფინანსებს“.

„პალიტრა“ იმ მედიათა შორის იყო, სადაც მმართველი გუნდის წევრები პოლიტიკურ გადაცემებში სტუმრად დადიოდნენ, თუმცა თებერვლის ბოლოდან „ქართული ოცნების“ წევრები მათ გადაცემებში აღარ მისულან.

უკვე წლებია, ხელისუფლების წარმომადგენლები უარს ამბობენ ისეთი მედიებისთვის ეთერში ინტერვიუს მიცემაზე, რომლებიც მათი გავლენის ქვეშ არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი