საზოგადოება

„ოცნებამ“ „პალიტრა მედიის“ წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია წამოიწყო

28 მარტი, 2023 • 1478
„ოცნებამ“ „პალიტრა მედიის“ წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია წამოიწყო

უკვე მეორე დღეა, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ „პალიტრა მედიის“ წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია წამოიწყო — ჯერ პროპაგანდისტულმა ვებსაიტებმა გაავრცელეს ცნობები, თითქოს მედიაკომპანიას თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი აფინანსებს. შემდეგ კი აღნიშნული რიტორიკა საჯარო გამოსვლით გააძლიერა პარტიის თავმჯდომარეm ირაკლი კობახიძემაც.

„პალიტრა მედია“ ცილისწამებასა და სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დავით კეზერაშვილი მათ კომპანიას აფინანსებს“.

„პალიტრა“ იმ მედიათა შორის იყო, სადაც მმართველი გუნდის წევრები პოლიტიკურ გადაცემებში სტუმრად დადიოდნენ, თუმცა თებერვლის ბოლოდან „ქართული ოცნების“ წევრები მათ გადაცემებში აღარ მისულან.

უკვე წლებია, ხელისუფლების წარმომადგენლები უარს ამბობენ ისეთი მედიებისთვის ეთერში ინტერვიუს მიცემაზე, რომლებიც მათი გავლენის ქვეშ არ არის.

რა ხდება?

გუშინ, 27 მარტს, სხვადასხვა პროპაგანდისტულ ვებსაიტზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „პალიტრა მედიას“ აფინანსებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულას“ მფლობელი დავით კეზერაშვილი.

პირველი, ვინც ამის შესახებ დაწერა, ongo.ge იყო. ongo.ge-ს თანახმად, მათთვის „ექსკლუზიურად ცნობილი გახდა“, რომ რამდენიმე თვის წინ დავით კეზერაშვილმა „პალიტრა მედიის“ დაფინანსება დაიწყო.

ongo.ge ირწმუნება, რომ აღნიშნული ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და პარტიულ ხელმძღვანელებთან დაახლოებულმა პირმა მიაწოდა.

„მისივე გადმოცემით, ამ ეტაპზე კეზერაშვილი სრულად ისტუმრებს მედიაჰოლდინგის იმ გადაცემათა ხარჯებს, რაც პოლიტიკურ და სოციალურ თემებზე კეთდება. ამის სანაცვლოდ კი მან მოითხოვა საინფორმაციო პოლიტიკის კურსის ცვლილება, რაზეც მიიღო გარანტიები და ჰოლდინგის საინფორმაციო პოლიტიკაც ეტაპობრივად იცვლება და იხრება ნაცმოძრაობის სასარგებლოდ. კეზერაშვილის მოთხოვნა იყო ხელისუფლების მადისკრედიტირებელი შინაარსის სტატიების გამოქვეყნება სხვადასხვა პლატფორმებზე, რაც ასევე დაკმაყოფილდა“, – წერს ongo.ge

როგორც ongo.ge წერს, შუამავალი კეზერაშვილსა და „პალიტრა მედიას“ შორის კეზერაშვილის  ცოლის ძმა და ენმ-ის წევრი დიმიტრი ჩიქოვანია.

რას ამბობს „ოცნება“?

პროპაგანდისტულ ვებსაიტებზე საინფორმაციო კამპანიას რამდენიმე საათში ღიად შეუერთდნენ „ქართული ოცნების წარმომადგენლები. მმართველი პარტიის თავმჯდომარეm ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თავისი სარედაქციო პოლიტიკით „პალიტრა“ გახდა „ფორმულა 2“ და კეზერაშვილის მეორე ტელევიზია.

„მე ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, შეიძლება მქონდეს, მაგრამ დეტალებში ვერ შევალ… ერთი რამ ნათელია, რომ ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში ეს ტელევიზია ძალიან დაემსგავსა კეზერაშვილის სხვა ტელევიზიას, „ფორმულას“, გახდა ერთგვარი „ფორმულა 2“, ეს არის ჩემი დაკვირვება.

დანარჩენი, იქ როგორ გადაფორმდა წილები, საკუთრება და როგორია რეალურად ხარჯები, რასაც გასცემენ ტელევიზიის მესაკუთრეები – ამ დეტალებში მე ვერ შევალ“, — აღნიშნა ირაკლი კობახიძემ დღეს, 28 მარტს.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელს, გიორგი გრძელიშვილსაც იმის გასარკვევად, თუ რატომ აღარ დადიან მმართველი გუნდის წევრები „პალიტრა მედიის“ გადაცემებში. მისი თქმით, „პალიტრა მედიასთან“ თანამშრომლობის გაწყვეტაზე პარტიას ერთიანი გადაწყვეტილება ვერ ექნება და ამას პოლიტიკოსები თავად წყვეტენ.

„ზოგადად, ამა თუ იმ გადაცემაში მისვლა არის  კონკრეტული პოლიტიკოსის გადასაწყვეტი. „ქართული ოცნება“ თავის გუნდის წევრებს არ უკრძალავს ან არავის არ აძალებს რომელიმე გადაცემაში მისვლას. თავისი გადაწყვეტილება აქვს ყველა ადამიანს და დეპუტატი იქნება თუ პარტიის წევრი სხვა წევრი, დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას, რომელ  მედიას მისცეს ინტერვიუ და რომელ მედიას – არა. „მთავარ არხზე“ რომ არ დავდივართ და „ფორმულაზე“, ისედაც ცხადია, იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობის“ პარტიული ტელევიზიაა და დადიან „ნაცმოძრაობის“ წევრები.

კითხვაზე, რატომ შეიძლება აღარ დადიოდნენ „ქართული ოცნების“ წევრები „პალიტრა მედიის“ გადაცემებში, გრძელიშვილი გვპასუხობს:

„შეიძლება არ მოსწონს კონკრეტულ ადამიანს და არ აქვს სურვილი იმ გადაცემაში წასვლის“, — ამბობს გიორგი გრძელიშვილი.

რას ამბობს „პალიტრა მედია“?

დღეს, 28 მარტს, განცხადება გაავრცელა „პალიტრა მედიამ“, სადაც უარყო კეზერაშვილის მიერ „პალიტრა მედიის“ დაფინანსება.

„27 მარტს ერთ-ერთ ვებგვერდზე განთავსდა სტატია, სათაურით „კეზერაშვილი „პალიტრა მედიას“ აფინანსებს“. ეს ცრუ ინფორმაცია სოციალურ მედიაში აქტიურად გაავრცელეს ტროლ-ბოტებმა და შემდეგ დღეს ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის მხრიდანაც გაკეთდა კომენტარები“, – აცხადებს „პალიტრა მედია“.

„პალიტრა მედია“ ხაზგასმით აცხადებს, რომ ეს არის ცილისწამება და სიცრუე.

„თავისი არსებობის 28 წლის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, „პალიტრა მედია“ არ მოქცეულა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის გავლენის ქვეშ. არ მიუღია, არ იღებს და არც მომავალში აპირებს, რომ მიიღოს მათგან დაფინანსება. განსაკუთრებით აბსურდულია ბრალდება კეზერაშვილის და „პალიტრა მედიის“ რაიმე კავშირის შესახებ.

„პალიტრა მედიის“ ყველა ორგანიზაციის და, მათ შორის, ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ყველა შემოსავალი და ხარჯი გამჭვირვალეა და ხელმისაწვდომია კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

„პალიტრა მედია“ მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, პოლიტიკოსს და საზოგადოების წარმომადგენელს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და აბსურდული ინფორმაციის გავრცელებისგან, ტირაჟირებისგან და მასზე კომენტარის გაკეთებისგან“, – აცხადებს „პალიტრა მედია“.

„ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე ზეწოლა“

„პალიტრა მედიასთან“ დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაm. ქარტიის განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენელი მისგან დამოუკიდებელ მედიასაშუალებას მისთვის მიუღებელი შინაარსის გამო თავს დაესხა.

ქარტია მიიჩნევს, რომ განვითარებადი დემოკრატიის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვანია მედიაპლურალიზმის, გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტისა და ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალებების არსებობა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მოქმედება და მისგან დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე ზეწოლა.

„საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ მაუწყებლების მფლობელების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია საჯარო რეესტრში, ხოლო დაფინანსებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ-გვერდზე. ქარტია მოუწოდებს მმართველი პარტიის წარმომადგნლებს, განცხადების გაკეთებამდე გადაამოწმონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია ღია წყაროების მეშვეობით“, – აცხადებს ქარტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი