ახალი ამბები

კონკურენციის სააგენტო იკვლევს, აქვს თუ არა ადგილი “კარტელურ გარიგებას” 4 აფთიაქს შორის

27 მარტი, 2023 •
კონკურენციის სააგენტო იკვლევს, აქვს თუ არა ადგილი “კარტელურ გარიგებას” 4 აფთიაქს შორის

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევის პროცესი დაიწყო.

კონკურენციის სააგენტოს თანახმად, საკითხი ეხება, ბოლო პერიოდში, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი, რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების მკვეთრ ზრდას და სავარაუდო, იდენტური ფასწარმოქმნის დაწესებას.

მოკვლევას საფუძვლად დაედო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია და განცხადებები კონკურენციის კანონმდებლობასთან ფარმაცევტული კომპანიების ქმედებების თავსებადობასთან დაკავშირებით.

მოკვლევა ორი მიმართულებით დაიწყო, რაც გულისხმობს დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებას და კონკურენციის შესაძლო შემზღუდველ შეთანხმებებს (ე.წ. კარტელური გარიგებები).

კომპანიებს, რომელთა მიმართ მოკვლევა მიმდინარეობს და ფარმაცევტულ ასოციაციებს საშუალება ექნებათ, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით პროცესში საკუთარი პოზიციები/ახსნა-განმარტებები წარმოადგინონ.

“2022 წელს, ფარმაცევტულ ბაზარზე წარმოებული მონიტორინგის ფარგლებში კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სააგენტომ 13 რეკომენდაცია გასცა. გაცემული რეკომენდაციების აღსრულების პროცესი მიმდინარე რეჟიმშია, საიდანაც სრულად ან ნაწილობრივ 7 რეკომენდაცია შესრულდა. ამავე პერიოდში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თურქეთის რესპუბლიკიდან მედიკამენტების პარალელური იმპორტის მექანიზმი ამოქმედდა. შედეგად, ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა, ხოლო გაზრდილი ფინანსური ხელმისაწვდომობის შედეგად, საცალო ბაზარზე მომხმარებელმა დაახლოებით 250 მილიონი ლარის დანაზოგი გააკეთა. რეფერენტული ფასწარმოქმნის და ბაზარზე განხორციელებული/მიმდინარე რეფორმის პირობებში მოსალოდნელია აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ამ დროისთვის, კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოკვლევის 4 საქმეს განიხილავს – შეთანხმებული ქმედების, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო შემთხვევებს. 2023 წელს უწყებამ ერთი მოკვლევა დაასრულა და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დაადგინა.

ინფორმაციისთვის: საქმის მოკვლევის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, მოკვლევის პროცესი შეიძლება 18 თვემდე გაგრძელდეს.

კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების დადგენის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს ჯარიმას დამრღვევი ეკონომიკური აგენტის წინა ფინანსური წლის ბრუნვის 5%-მდე ოდენობით.

ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქებს ონკოლოგიური წამლებზე ფასების ხელოვნურ ზრდაში ადანაშაულებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი