ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქებს ონკოლოგიური წამლებზე ფასების ხელოვნურ ზრდაში ადანაშაულებს

23 მარტი, 2023 • 840
ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქებს ონკოლოგიური წამლებზე ფასების ხელოვნურ ზრდაში ადანაშაულებს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტული კომპანიების ნაწილს ფასების ხელოვნურ ზრდაში ადანაშაულებს ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ.

უწყების განცხადებით, საუბარია ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასი არ არის დაწესებული და რომლებიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.

ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, ფარმაცევტულ კომპანიებს შორის მოხდა არაკეთილსინდისიერი შეთანხმება და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენება:

„ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან შესაძლო არაკეთილსინდისიერ ქმედების შესწავლის პროცესში ჩართულია კონკურენციის ეროვნული სააგენტო. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ქიმიო-სხივური ჰორმონოთერაპიისთვის ერთ ბენეფიციარზე, ყოველწლიურად, 25 000 ლარი გამოიყოფა, ხელოვნურად გაძვირებული წამლების შედეგად კი, ონკოლოგიურ პაციენტებს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ეზღუდებათ.

სამწუხაროა, რომ ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ისევ გრძელდება მედიკამენტების ფასების ხელოვნურად ზრდა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არაერთხელ გაცხადდა, რომ მიუღებელია წამლების ფასის ხელოვნური ზრდა და თითოეულ დარღვევაზე, უწყებას ექნება მკაცრი რეაგირება“, — აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

უწყება ავრცელებს იმ მედიკამენტების სიასაც, რომლებზეც მათი განცხადებით ფასებია გაზრდილი:

„ნეტგაზეთი“ ცდილობს ფარმაცევტული კომპანიებისგან საპასუხო კომენტარის მოპოვებას. გამოხმაურების შემთხვევაში სტატია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი