ახალი ამბები

„პარლამენტის წევრთა 83%-ს დეკლარაცია დარღვევებით აქვს შევსებული“ — TI

24 მარტი, 2023 • 1081
„პარლამენტის წევრთა 83%-ს დეკლარაცია დარღვევებით აქვს შევსებული“ — TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ყოველი მეორე თანამდებობის პირი დეკლარაციაში არასრულ ინფორმაციას უთითებს, პარლამენტის წევრთა 83%-მა კი დეკლარაცია დარღვევებით შეავსო. ამასთან, ორგანიზაციის განცხადებით, უარყოფითად შეფასებული დეკლარაციების 78%-ში ოჯახის წევრების მონაცემები იყო არასწორად მითითებული.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2022 წელს საჯარო სამსახურის ბიურომ 346 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია შეამოწმა, საიდანაც 181 (52%) დარღვევებით იყო შევსებული. TI აღნიშნავს, რომ ბიუროს გადაწყვეტილებით, დაჯარიმდა 136 თანამდებობის პირი (39%), ხოლო გაფრთხილება მიიღო 45-მა (13%).

ორგანიზაციის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უარყოფითად შეფასებული დეკლარაციების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 4%-ით შემცირდა, 52% მაღალი მაჩვენებელია და ნიშნავს, რომ ყოველი მეორე დეკლარაცია არასრული და ხარვეზიანია.

TI ააღნიშნავს, რომ 2021 წელთან შედარებით მკვეთრად გაუარესებულია იმ დეპუტატების მაჩვენებელი, რომლებმაც დეკლარაცია არასწორად შეავსეს, რადგანაც ანგარიშის მიხედვით, შარშან დეპუტატთა დეკლარაციების 42% შეფასდა უარყოფითად, 2022 წლის ანგარიშში კი ეს რიცხვი 83%-ს აღწევს.

ანგარიშის ავტორების თქმით, დარღვევების მაღალი მაჩვენებელი აქვთ: სახელმწიფო საწარმოთა და არაკომერციულ ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს (67%), მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებს (55%). რაც შეეხება საიდუმლო თანამდებობის პირებს, ორგანიზაციის განცხადებით, 2022 წელს 27 ასეთი დეკლარაცია შემოწმდა და დარღვევა 11-ში (41%) აღმოჩნდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ თქმით, 2022 წელს უარყოფითად შეფასებულ დეკლარაციათა უმეტესობაში თანამდებობის პირებს რამდენიმე ტიპის დარღვევა ერთდროულად აქვთ:

„მაგალითად, სამი და მეტი ტიპის დარღვევა თანამდებობის პირთა ნახევარზე მეტს (53%) უფიქსირდება,[5] რაც ნიშნავს იმას, რომ დეკლარაციებში მოცემული ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი არაზუსტი ან/და არასრულია. ეს, თავის მხრივ, აკნინებს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს, როგორც ანტიკორუფციულ მექანიზმს“, — ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამასთან, 2022 წლის მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი – 8 ტიპის დარღვევა აქვს ზურაბ ხაჩიძეს, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს.

კერძოდ, ორგანიზაციის განცხადებით, ხაჩიძემ დეკლარაციაში არ მიუთითა თავისი და მისი ოჯახის წევრის: უძრავი ქონება, სამეწარმეო საქმიანობა, საბანკო ანგარიშები, სხვა გასავალი და შემოსავალი; ასევე, არ მიუთითა წლის განმავლობაში აღებული თანამდებობრივი სარგო და დადებული ხელშეკრულება, არასწორად მიუთითა საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხა.

TI აღნიშნავს, რომ ხაჩიძემ საჯარო სამსახურის ბიუროს მოთხოვნის შემდეგაც არ წარადგინა ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშზე ინფორმაცია.

რაც შეეხება დარღვევის კატეგორიებს, დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს ყველაზე ხშირად (78%-ში) დეკლარანტებმა არ მიუთითეს ან/და არასწორად მიუთითეს ოჯახის წევრებთან დაკავშირებული ინფორმაცია — მათ შორის, ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლები, უძრავი და მოძრავი ქონება, საბანკო ანგარიშები, ხელშეკრულებები და მათგან მიღებული მატერიალური სარგებელი.

ორგანიზაციაში საგანგაშოდ მიიჩნევენ, რომ 2019 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად იზრდება ოჯახის წევრ(ებ)ის მონაცემების მითითებასთან დაკავშირებული დარღვევების რაოდენობა.

კერძოდ, TI-ს განცხადებით, თუ 2019 წელს უარყოფითად შეფასებული დეკლარაციებიდან 63%-ში ვხვდებოდით ამ ტიპის დარღვევას, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 78%-მდე გაიზარდა:

„თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციების წარდგენისას ინფორმაციის მასშტაბურად დამალვა/არმითითება ან არასრულად წარდგენა, გარდა იმისა, რომ კანონის პირდაპირი დარღვევაა, ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხრიდან გარე მონიტორინგის სრულყოფილად განხორციელებას.

ამასთან, მნიშვნელოვანი ხარვეზია, რომ არ ქვეყნდება ინფორმაცია გამოვლენილი დარღვევის მასშტაბის შესახებ. ბიუროს ანგარიშიდან შეუძლებელია გავარკვიოთ, რამდენი და რა ღირებულების უძრავი ქონება არ მიუთითა თანამდებობის პირმა (მაგალითად, აგარაკი თუ ავტოფარეხი ან სხვენი, ერთი ქონება თუ რამდენიმე და ა.შ.)“, — ვკითხულობთ ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს, პირველად, დეკლარაციების მონიტორინგის შედეგად არცერთი დეკლარაცია არ გადაგზავნილა პროკურატურასთან.

TI აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, საქართველოში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის მექანიზმი არ გამოიყენება მაღალი დონის კორუფციის გამოსავლენად.

6- წლიანი მონიტორინგის შედეგად  ორგანიზაციის განცხადებით, ჯამში, პროკურატურაში მხოლოდ 11 დეკლარაცია გაიგზავნა, მაშინ როცა წლიდან წლამდე იზრდება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების მიერ გამოვლენილი თანამდებობრივი შეუთავსებლობის, ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის, მათ შორის უკანონო გამდიდრების, სავარაუდო შემთხვევათა სია.

ორგანიზაციის განცხადებით, პროკურატურაში გაგზავნილ დეკლარაციათა დაბალი რაოდენობა და შესაბამისი რეაგირების არქონა მონიტორინგის მექანიზმის სისუსტეზე მიუთითებს.

„პროკურატურაში გაგზავნილი საქმეების დაბალი რაოდენობა შესაძლოა მეტყველებდეს: ერთი მხრივ, კორუფციული დარღვევების გამოვლენის პოლიტიკური ნების არარსებობაზე; მეორე მხრივ, დაკავშირებული იყოს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დარღვევის ხასიათის (არა არსებითი თუ არსებითი) დისკრეციულად გადაწყვეტასთან.

ამის კარგი ილუსტრაციაა ის ფაქტი, რომ 2021 წლის მონიტორინგის ანგარიშში, დარღვევების ტიპების აღწერისას, ვკითხულობთ, რომ „უარყოფითად შეფასებული დეკლარაციებიდან 44%-ს დარღვევა ჰქონდა უძრავი ქონების ნაწილში, სადაც გამორჩენილი იყო უძრავი ქონება…“. 2022 წლის ანგარიშშიც, დარღვევების კატეგორიის ნაწილში, ბიურო კვლავ იყენებს ტერმინის „გამორჩენილი იყო.“ გაუგებარია, როგორ ადგენს ბიურო, რომ თანამდებობის პირს უბრალოდ „გამორჩა“ დეკლარაციაში უძრავი ქონების მითითება და არ ცდილობდა, მაგალითად, მის დამალვას“, — ავკითუხლობთ ანგარიშში.

TI აღნიშნავს, რომ დარღვევა დადასტურდა 2022 წელს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასაბუთებული განცხადების საფუძველზე შემოწმებული დეკლარაციების 95%-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი