ახალი ამბები

არ ვადასტურებ ენმ-ის ფრაქციის დატოვებას, თუმცა ვფიქრობ – ბაჩუკი ქარდავა

22 მარტი, 2023 • 1150
არ ვადასტურებ ენმ-ის ფრაქციის დატოვებას, თუმცა ვფიქრობ – ბაჩუკი ქარდავა

დეპუტატი ბაჩუკი ქარდავა ჯერჯერობით არ ადასტურებს ინფორმაციას ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის დატოვების შესახებ, თუმცა ამბობს, რომ ეს საკითხი განიხილა პარტიის ფორმატში.

ქარდავა, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეა და პარლამენტში ენმ-ის ბლოკით მოხვდა, ენმ-ის ფრაქციასთან უთანხმოების მიზეზად ბოიკოტის საკითხს ასახელებს.

“ჯერჯერობით ვერ/არ ვადასტურებ, რომ ვტოვებ ფრაქციას, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ ამ თემაზე არ მქონია მსჯელობა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ფორმატში”, – განაცხადა დეპუტატმა ბაჩუკი ქარდავამ ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში 22 მარტს.

ქარდავას განმარტებით, ამ თემის განხილვის მიზეზი ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის ტაქტიკაა ბოიკოტთან დაკავშირებით.

“არის მოცემულობა ოპოზიციაში, როცა ერთიანობა არის მნიშვნელოვანი და შედეგის მომტანი, არის მოცემულობა, როცა აზრთა სხვადასხვაობაა, რომ ასეთმა ერთიანობამ შეიძლება ზიანი მოუტანოს მას.

მთავარი მაპროვოცირებელი აღმოჩნდა პარლამენტში ბოიკოტის თემა. მე არ ვიტყვი, რომ არ ვარ მომხრე რადიკალური პოლიტიკური კურსის, ტაქტიკაში კვლავ ერთგული ვრჩები რადიკალური მეთოდების და ქუჩის საპროტესტო აქციების, თუმცა მიმაჩნია, რომ ქუჩის საპროტესტო აქციები ტანდემში უნდა იყოს გამოყენებული პარლამენტთან ერთად.  დღეს პარლამენტის ტრიბუნაზე უარის თქმა არის ფუფუნება ბიძინა ივანიშვილისთვის. უარის თქმა იმ ბერკეტზე, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს გვქონდეს პირდაპირი და თავისუფალი ურთიერთობა საერთაშორისო აქტორებთან. სხვა უამრავი ბერკეტი, რის შესაძლებლობასაც იძლევა პარლამენტი და მანდატი, რომელიც ხალხმა მოგვანიჭა, არ მიმაჩნია სწორი, მაშინ როცა ქვეყანა არის გზაჯვარედინზე – ვრჩებით ერთგული დასავლეთისა თუ ვბრუნდებით უკან, რუსეთში”, – აცხადებს ქარდავა.

ქარდავა ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საქმიანობაზე უარის თქმას “პოლიტიკურ სუიციდს” უწოდებს:

“როცა გრძელი ბრძოლა გველოდება რეჟიმთან და ილუზია არავის აქვს, რომ დღეს და ხვალ დასრულდება, ასეთ ბერკეტებზე უარს არ ამბობენ. ეს იქნებოდა პოლიტიკური სუიციდი”.

ქარდავა  ასევე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია ბოიკოტის ის ფორმა, რომელზეც ენმ-ის ფრაქცია საუბრობს – როცა ფრაქცია ზოგიერთი საკითხის განხილვაში მონაწილეობს, ზოგიერთში კი არა.

ქარდავა იმედოვნებს, რომ ენმ-ის საპარლამენტო ფრაქცია საბოლოოდ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს:

“ვიმედოვნებ, რომ ფრაქცია, რომელშიც მე ჯერ კიდევ ვიმყოფები, მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და იქნება თავის პოლიტიკურ ტაქტიკაში თანმიმდევრული. მე მექნება საუბარი ფრაქციის ხელმძღვანელობასთან და ვიმედოვნებ, რომ მათი გადაწყვეტილება იქნება ადეკვატური”, – განაცხადა ქარდავამ.

ბოიკოტის გამო ენმ-ის საპარლამენტო ფრაქცია და შესაძლოა პარტიაც დატოვოს ხატია დეკანოიძემ – ამის შესახებ მან 22 მარტს ისაუბრა მედიასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი