„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ არ ეთანხმება პარტიის გადაწყვეტილებას საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტის შესახებ, თუმცა პარტიიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.
მანამდე „ტვ პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხატია დეკანოიძე და ბაჩუკი ქარდავა ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებენ.
„ბაჩუკის გადაწყვეტილების შესახებ ვერ გეტყვით, მასთან არ მისაუბრია და არ გამიგია… ჩემს გადაწყვეტილებას აუცილებლად გამცნობთ ჩემი მხრიდან და არა სხვადასხვა ფორმატებში. თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება [წასვლაზე], საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი და გაჟღერებული პირადად ჩემ მიერ, ყველა ნიუანსით. ნაფიქრი მაქვს ამაზე იმ კონტექსტში, რომ ბოიკოტი არ მიმაჩნია გზად, ამიტომ ვნახოთ, შევხედოთ, როგორ გაგრძელდება“, — განუცხადა დეკანოიძემ ჟურნალისტებს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ბოიკოტი აქვს გამოცხადებული, თუმცა ხატია დეკანოიძე საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობს. დეკანოიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ერთ სივრცეში ყოფნა რთულია და ზოგჯერ ფიზიკური დაპირისპირების და შეურაცხყოფის ფონზე უწევთ მუშაობა, მნიშვნელოვანია, დეპუტატებმა, რომლებიც ბიუჯეტიდან იღებენ ხელფასს, პასუხისმგებლობა აიღონ.
„მე მესმის ყველა იმ სკეპტიკოსის, ვინც ფიქრობს, რომ აზრი აქვს საერთოდ რამეს. მაგრამ თუნდაც 12 პუნქტზე მუშაობა იმას კი არ ნიშნავს, რომ „ოცნება“ იმას გააკეთებს, რაც ჩვენ გვსურს, არამედ ჩვენი პასუხისმგებლობის აღებას. ჩემი პოზიცია არის მყარი — ჩვენი პარტია, რომელიც ახლა ბოიკოტშია, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი უნდა იყოს სრული სიმძლავრით. ყველა დეპუტატმა უნდა აიღოს საკუთარი პასუხისმგებლობა და მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო განხილვებში. მე ეს პოზიცია არ შემიცვლია, მქონდა იმ დღიდან, რა დღიდანაც შემოვედით პარლამენტში. მე დარღვეული მაქვს ბოიკოტი. მაქვს აზრთა სხვადასხვაობა და მქონია მძიმე საუბრები ჩემს კოლეგებთან ამ საკითხზე“, — განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ხატია დეკანოიძის თქმით, ენმ-ის და ყველა პარტიის წარმომადგენელს უნდა ეყოს გამბედაობა, რომ ბოიკოტზე და მანდატების დატოვებაზე საუბარი დასრულდეს.