უკრაინის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში აფეთქება მოხდა. უწყების ცნობით, შედეგად განადგურდა რუსული რაკეტები, რომლებიც რკინიგზით გადაჰქონდათ.
საუბარია ქალაქ ჯანკოიზე, რომელიც ყირიმის ჩრდილოეთში მდებარეობს და სტრატეგიულად მნიშვნელოვანია რუსეთის არმიისთვის. როგორც The Moscow Times წერს, ქალაქი წარმოადგენს ლოჯისტიკურ კვანძს ყირიმსა და რუსეთის მიერ უკრაინის სამხრეთში მდებარე ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის.
აფეთქებების კადრები სოციალურ მედიაში 20 მარტის ღამით გავრცელდა. კიევი იუწყება, რომ აფეთქების შედეგად განადგურდა “კალიბრის” ტიპის ფრთოსანი რაკეტები, რომელსაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტი იყენებს. BBC-ის ცნობით, უკანასკნელ თვეებში ხსენებული რაკეტებით რუსეთი აქტიურად უტევდა უკრაინულ ქალაქებსა და ინფრასტრუქტურას.
Russian cruise missiles “Kalibr NK” were destroyed in Dzhankoi, Crimea, during their transportation by rail – @DI_Ukraine
It is reported that this video is from Dzhankoi. The voice says it’s the train station area. pic.twitter.com/9UXMe2aKNR
— Anton Gerashchenko (@Gerashchenko_en) March 20, 2023
მიუხედავად იმისა, რომ აფეთქებებსა და მის შედეგებზე ინფორმაცია გავრცელა, უკრაინა, როგორც წესი, პირდაპირ არ იღებს მომხდარზე პასუხისმგებლობას და “იდუმალ” აფეთქებებზე საუბრობს.
თავის მხრივ, ანექსირებულ ყირიმში მოსკოვის მიერ დასმული მაღალჩინოსნები უკრაინის მხრიდან დრონებით თავდასხმაზე იუწყებიან და ირწმუნებიან, რომ სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო.
მათივე ცნობით, ამოქმედდა ანტისაჰაერო სისტემა და დრონები ჩამოყარეს, რა დროსაც დაზიანდა სამოქალაქო ობიექტები და დაშავდა 1 ადამიანი, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე არ ემუქრება.
დე ფაქტო ოფიციალური პირები რაკეტების განადგურებაზე ან სტრატეგიული ობიექტების დაზიანებაზე არ ლაპარაკობენ. თუმცა რუსული ოპოზიციური ტელეგრამის არხი ASTRA წერს, რომ დრონებით თავდასხმების შედეგად სერიოზული დაზიანება დაფიქსირდა, სულ მცირე, 5 ობიექტზე, რომელთა უმრავლესობაც რკინიგზას ეკუთვნის.
“ოთხი მათგანი ეკუთვნის რკინიგზის სადგურს (ლოკომოტივის საცავი, სადგურის დაცვის შენობა, ინვენტარი და საწვავის საცავი)”, — წერს ASTRA.
ტელეგრამის არხის თანახმად, კიდევ ერთი ობიექტი, რომელიც დაზიანდა, სასოფლო-სამეურნეო მაღაზიაა და იქ დაშავდა ერთი ადამიანი.
უკრაინის სამხრეთის სარდლობის პრესსამსაურის უფროსი ნატალია ჰემინიუკი ფიქრობს, რომ რუსული მხარე რაკეტების განადგურების ფაქტს არ აღიარებს, რადგან ეს მათ იმიჯზე დადებითაც არ აისახება.
“საკმაოდ მშვიდად გრძნობდნენ თავს, განსაკუთრებით, ასეთ მანძილზე. სჯეროდათ, რომ ევაკუაციისთვის საკმარისი დრო ექნებოდათ, სანამ ჩვენი იარაღი რეაგირებას დაიწყებდა [მათი] განლაგების მნიშვნელოვან წერტილებზე”, — დასძენს ჰემინიუკი.
ყირიმის ნახევარკუნძული, რომელიც უკრაინის ნაწილია, რუსეთს 2014 წლიდან აქვს ანექსირებული.