ახალი ამბები

მოძებნოს თავისი ტოლი და სწორი, მასთან გამართოს დებატები – „ოცნება“ გოლეთიანს პასუხობს

17 მარტი, 2023 • 13319
მოძებნოს თავისი ტოლი და სწორი, მასთან გამართოს დებატები – „ოცნება“ გოლეთიანს პასუხობს

„მოძებნოს თავისი ტოლი და სწორი, მასთან გამართოს დებატები“, – ასე პასუხობენ „ქართულ ოცნებაში“ ვარლამ გოლეთიანის მოთხოვნას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მასთან დებატში ირაკლი კობახიძე ან მამუკა მდინარაძე დაჯდეს.

როგორც ნეტგაზეთს „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გრძელიშვილმა წერილობით განუცხადა, მმართველი პარტიის ხელმძღვანელებთან ვარლამ გოლეთიანის სავარაუდო სატელევიზიო დებატის სერიოზული შეფასება რთულია.

„ვარლამ გოლეთიანი არის ადამიანი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას. უფრო მეტიც, ის არის პირდაპირ ჩართული საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ დაპირისპირებაში და დგას იმ უცხო ქვეყნების მხარეს, ვისაც არ აწყობს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა.

რაც შეეხება მის სავარაუდო სატელევიზიო დებატს მმართველი პარტიის ხელმძღვანელებთან, სერიოზული შეფასება რთულია. მოძებნოს თავისი ტოლი და სწორი, მასთან გამართოს დებატები“, – განაცხადა გიორგი გრძელიშვილმა.


საზოგადოებრივი მაუწყებელი მზადაა, ეთერი დაუთმოს ვარლამ გოლეთიანისა და “ქართული ოცნების” ლიდერების დებატებს, თუმცა თავად ასეთი გადაცემის მოწყობის ინიციატორი არ გახდება.

დღეს, 17 მარტს საზოგადოებრივი მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელს, გიორგი გვიმრაძეს შეხვდა.

შეხვედრა მას შემდეგ დაინიშნა, რაც მოძრაობის წევრებმა საზოგადოებრივ მაუწყებელს თხოვნით მიმართეს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების ბრალდებებზე საპასუხოდ მათთვის შესაბამისი საეთერო ფორმატი შეეთავაზებინათ.

კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ რუსული კანონპროექტის ინიცირების შემდეგ, „ქართული ოცნების“ წევრებმა ამ კანონის მიღების აუცილებლობა, მათ შორის, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობის მაგალითითაც ახსნეს. მათი თქმით, ჰესის საწინააღმდეგო კამპანიაში „რუსული ინტერესი და რუსული ფინანსები“ ფიგურირებდა.

გიორგი გვიმრაძემ განაცხადა, რომ თუ ოპონენტი მხარე თანახმა იქნება, ოპონირება გაუწიოს გოლეთიანს, მზად არის, ამ ტიპის დებატს ეთერი დაუთმოს თავის გადაცემაში.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, თუ „ქართული ოცნების“ ლიდერები დებატზე არ მივლენ, მაშინ საზოგადოებას ეცოდინება, რომ მათი ბრალდებები დაუსაბუთებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი