ახალი ამბები

TI-საქართველო: მთავრობა გაუმჭვირვალე რეჟიმში მუშაობს

17 მარტი, 2023 • 1070
TI-საქართველო: მთავრობა გაუმჭვირვალე რეჟიმში მუშაობს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს მთავრობამ 47 სხდომაზე 372 განკარგულების პროექტი განიხილა, რომელთაგან დღემდე არცერთი არ გასაჯაროებულა.

დოკუმენტების მიღება შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზითაც — ადმინისტრაციამ შარშან „TI-საქართველოს“ გაგზავნილი 47 წერილიდან არცერთს უპასუხა.

„უკვე 2 წელზე მეტია მთავრობა თავს აღარ თვლის ანგარიშვალდებულად საზოგადოების წინაშე და გადაწყვეტილებებს ასეთ დახურულ რეჟიმში იღებს. ამ მიდგომით მთავრობა, არა მხოლოდ ამცირებს მისდამი ნდობას, არამედ აჩენს ეჭვს, რომ მიზანი პრობლემური გადაწყვეტილებების დამალვა შეიძლება იყოს. გასული წლის განკარგულებების 40% (372-დან 150) კონკრეტული პირებისთვის სახელმწიფო ქონების სხვადასხვა ფორმით გადაცემას ეხებოდა, რაც კორუფციული რისკის შემცველია. ამ რისკს ამყარებს სახელმწიფო ქონების სავარაუდო უკანონო გადაცემასთან დაკავშირებით გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ წარსულში გამოვლენილი შემთხვევების არსებობაც“, — ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ განცხადებაში.

გარდა იმისა, რომ განკარგულებების გამოუქვეყნებლობით მთავრობა სხვა საჯარო დაწესებულებებს ცუდ მაგალითს აძლევს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ აზრით, ის არღვევს ერთდროულად რამდენიმე სამართლებრივ აქტს:

  • ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე;
  • მთავრობის რეგლამენტს განკარგულებების მაქსიმუმ 3 დღეში ვებგვერდზე ატვირთვასთან დაკავშირებით;
  • მთავრობის დადგენილებას ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებაზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ მთავრობის ადმინისტრაციას მოუწოდებს, უარი თქვას განკარგულებების დამალვის მავნე პრაქტიკაზე, შეასრულოს კანონის მოთხოვნა და გამოაქვეყნოს ყველა დოკუმენტი როგორც მის ოფიციალურ ვებგვერდზე, ისე საკანონმდებლო მაცნეზე, ასევე, დაიცვას საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, 2020 წლის 26 სექტემბრის შემდეგ მთავრობა აღარ აქვეყნებს განკარგულებებს ოფიციალურ ვებგვერდზე. დღემდე საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე იძებნება მთავრობის მიერ დამტკიცებული მხოლოდ 7 განკარგულება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ კანონის მიღების საჭიროებას „ქართული ოცნება“ გამჭვირვალობის აუცილებლობით ხსნიდა. ამ დროს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თავად ვერ უარყოფდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება ახლაც გამჭვირვალეა, თუმცა ირწმუნება, რომ საჭიროა მათი თავმოყრა ერთ რეესტრში, რადგან დღევანდელი მოცემულობით ორგანიზაციების ფინანსების დათვლა დიდ რესურსს მოითხოვს.

მდინარაძე აღიარებს, რომ არასამთავრობოები გამჭვირვალეა, მაგრამ მონაცემები „გაფანტულია“

მასალების გადაბეჭდვის წესი