ახალი ამბები

მდინარაძე აღიარებს, რომ არასამთავრობოები გამჭვირვალეა, მაგრამ მონაცემები „გაფანტულია“

22 თებერვალი, 2023 • 1160
მდინარაძე აღიარებს, რომ არასამთავრობოები გამჭვირვალეა, მაგრამ მონაცემები „გაფანტულია“

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ  არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების შესახებ ინფორმაცია „გაფანტულია“ და „უცხოური გავლენის აგენტების“  შესახებ კანონის მიზანი მათი ერთ რეესტრში მოქცევაა.

შესაბამსად, მდინარაძე ვერ უარყოფს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება ახლაც გამჭვირვალეა, თუმცა ირწმუნება, რომ საჭიროა მათი თავმოყრა ერთ რეესტრში, რადგან დღევანდელი მოცემულობით ორგანიზაციების ფინანსების დათვლა დიდ რესურსს მოითხოვს.

ამის შესახებ მან 21 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

„ორგანიზაციები ამბობენ, ჩვენ ისედაც გამჭვირვალეები ვართ, საიტზე გამოქვეყნებული გვაქვს[ინფორმაცია], USAID ამას ამონიტორინგებს და ა.შ. და ასეა გაფანტული სადღაც ინფორმაციები.  დღეს ერთმა [ჟურნალისტმა] მითხრა, საშემოსავლოს ხომ იხდიან და საგადასახადოში დეკლარაცია ისედაც ხომ არის წარდგენილიო, რაც ნებისმიერ ორგანიზაციას აქვს“ ,—  თქვა მდინარაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, – ამ ყველაფრის გარდა არსებობს გრანტების რეესტრი და აუდიტის სამსახურის ბრძანება ფინანსური აღრიცხვიანობის შესახებ, რომელიც პირდაპირ ეხებათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, და რატომ არ არის ეს საკმარისი,- მდინარაძე პასუხობს:

„თავისთან აქვეყნებენ კიდევ საიტზე რაღაცებს. საკმარისზე არ არის [საუბარი], აქ არის თავმოყრაზე. ყველა კანონს აქვს თავის მიზანი. ეს ყველაფერი, რასაც ამბობთ, მათ შორის აშშ-შიც არის, მაგრამ ეს ყველაფერი არის გაფანტული. აქ ერთი ნიშანი არის, იღებ თუ არა შენი ქვეყნის გარედან დაფინანსებას და ეს იყოს ერთ რეესტრში მოქცეული, რომ კაცმა საშემოსავლო კი არ თვალოს, მერე გრანტების რეესტრში[თვალოს] ეს გრანტი იმან მიიღოო… და მერე წამოვიდეს, ანგარიშგების დოკუმენტებში იქექოს. ადამიანს, ამ ყველაფერში რომ გაერკვეს, მაშინ საბუღალტრო რევიზორები, ერთი ათი კაცი, რომ ამოიღოს ეს ყველაფერი. აქ გამარტივაბაზეა საუბარი, ერთი რეესტრი და ერთი მიმართულებით ვალდებულება, რომ იყოს გამჭვირვალობა ერთ კონტექსტში, რომ შენ შენი ქვეყნის გარედან იღებ თუ არა დაფინანსებას“, – განაცხადა მდინარაძემ.

რა ხდება

მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით ცნობილმა „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა. „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა დააფუძნეს. გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერია ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი. სოზარ სუბარი და მისი ცოლი თამთა ყუბანეიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდნენ არასამთავრობო სექტორში, რომელთა დონორები სწორედ დასავლური ორგანიზაციები იყვნენ. გარდა ამისა, საპარლამენტი უმრავლესობის წევრებს წლების წინ ნამუშევარი აქვთ ისეთ ორგანიზაციებში, რომლებსაც „უცხოეთის გავლენის აგენტად“ გამოცხადებას უპირებენ.

ის, რასაც კანონპროექტის ავტორები და მხარდამჭერები “გამჭვირვალობის” საჭიროებით ხსნიან, გულისხმობს შემდეგს: ნებისმიერი მედიასაშუალება თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური დაფინანსებაა, “უცხოური გავლენის აგენტად” უნდა დარეგისტრირდეს.

საყურადღებოა, რომ კანონპრპექტი არ ეხება მთავრობას, რომელმაც ბოლო 10 წელიწადში, ჯამში, 45 მილიარდამდე აშშ დოლარი მიიღო უცხოეთიდან სხვადასხვა პროექტის დასაფინანსებლად გრანტის, ჰუმანიტარული თუ სხვა სახის დახმარების, ინვესტიციისა და სხვა სახით. ანუ სამთავრობო ორგანიზაციები კვლავაც მიიღებენ უცხოეთიდან დაფინანსებას/გრანტებს, მაგრამ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, მთავრობა არ იქნება ვალდებული “აღიაროს”, რომ სხვა ქვეყნის აგენტია.

კანონპროექტის მიზანი მოკლეა და მკაფიო: არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების „გაშავება“, რომლებიც საერთაშორისო, ავტორიტეტული და დემოკრატიის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიდან გრანტს იღებენ. ამ გზით პუტინის რუსეთში გააქრეს კრიტიკული მედია და მესამე სექტორიც.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ “ხალხის ძალის” ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს აიძულებს, დარეგისტრირდნენ “უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების” რეესტრში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონპროექტით და მიიჩნევს, რომ ის ქვეყანაში ჩაახშობს დამოუკიდებელ ხმას. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი