ახალი ამბები

გააძლიერეთ დემოკრატია მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს მის შერყევას – ბრიტანეთის საგარეო

17 მარტი, 2023 • 763
გააძლიერეთ დემოკრატია მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს მის შერყევას – ბრიტანეთის საგარეო

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი აცხადებს, რომ საქართველომ უნდა განამტკიცოს თავის ვალდებულებები მედიის თავისუფლებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის.

ამის შესახებ მან დღეს, 17 მარტს, საქართველოში ვიზიტისას ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბრიტანეთი გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

„ჩვენ მივესალმებით საქართველოს პრინციპულ მხარდაჭერას ჩვენი საერთო მეგობრის, უკრაინის მიმართ, ისევე როგორც რუსეთის მიმართ სანქციებთან დაკავშირებით, ასევე, ძალიან ბევრი უკრაინელი დევნილის მიღებით, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა ოჯახები რუსული აგრესიის გამო[…]

უკრაინელების მსგავსად ქართველი ხალხის უფლებაა, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი და ბედი  დამოუკიდებლად, გარე ჩარევის გარეშე. ამას პატივი უნდა სცენ და დაიცვან. სწორედ ამიტომ, ჩვენ  მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თქვენთან, რომ გავაძლიეროთ თქვენი წინააღმდეგობა რუსული ჩარევისადმი და ამიტომ გავაგრძელებთ თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას“, – განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ [„ფორმულას“ თარგმანი]

მისი თქმით, ძლიერი და ერთიანი ნატო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის როგორც ევროპაში, ასევე მის მიღმა.

„სწორედ ამიტომ,  2022 წელს მივიღეთ საქართველოს მხარდაჭერის პაკეტი, ხოლო 2023 წელს ბრიტანეთის საელჩო რუმინეთის საელჩოსთან იმუშავებს, როგორც ნატო-ს საკონტაქტო რგოლი საქართველოში.

ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები სცილდება სამხედრო თანამშრომლობას, ის მოიცავს ერთობლივ სამუშაოს კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციაზე. საქართველომ დიდი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიისაკენ მარგარეტ ტეტჩერის ისტორიული ვიზიტის შემდეგ 1987 წელს. დემოკრატიისა და ინსტიტუტების გასაძლიერებლად, მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს მათ შერყევას,  მოგიწოდებთ, განაახლოთ და განამტკიცოთ თქვენი ვალდებულებები მედიის თავისუფლებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის“, – განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ [„ფორმულას“ თარგმანი”].

მასალების გადაბეჭდვის წესი