ახალი ამბები

UK საქართველოსა და მოლდოვას რუსეთის ჩარევისგან დასაცავად ფინანსურად დაეხმარება

16 მარტი, 2023 • 1513
UK საქართველოსა და მოლდოვას რუსეთის ჩარევისგან დასაცავად ფინანსურად დაეხმარება

დიდი ბრიტანეთი საქართველოსა და მოლდოვას რუსეთის ჩარევისგან დასაცავად ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნული ფინანსური დახმარების შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი გამოაცხადებს, რომელიც 16-17 მარტს მოლდოვასა და საქართველოს ეწვევა.

კერძოდ, საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების მიზნით, დიდი ბრიტანეთი ნახევარ მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს, რაც მიზნად ისახავს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი გარემო შეიქმნას და დაცული იყოს გარე ჩარევისაგან.

რაც შეეხება მოლდოვას, მას დიდი ბრიტანეთი 10 მილიონი გირვანქა სტერლინგით დაეხმარება ეკონომიკური და მმართველობის რეფორმების, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში, მხარდასაჭერად.

მინისტრის თქმით, გაერთიანებული სამეფო გვერდზე არ გადგება მაშინ, როცა მოსკოვი აშკარად ძირს უთხრის ამ ქვეყნების დემოკრატიას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მათი გამძლეობა რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ, დავიცვათ მათი ხალხის დემოკრატიული არჩევანი და დავიცვათ ისინი კარზე მომდგარი საფრთხისგან“, – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი