ავტორი: ნიკა მუსავი
ყოველ ჯერზე, როდესაც რეგიონის რომელიმე ქვეყანაში რევოლუცია, მიტინგი ან მსგავსი მოვლენაა – როდესაც ხალხი ქუჩებში გამოდის უკმაყოფილების გამოსახატად ან რაიმეს მოსათხოვად, აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოება, შეიძლება ითქვას, “თეთრ შურს” განიცდის.
“როგორი მამაცები არიან ქართველები/სომხები/თურქები/ყაზახები/ირანელები! ჩვენ კი არ გვგვანან”, – წერენ სოციალურ ქსელებში აზერბაიჯანელი აქტივისტები ყოველ ჯერზე. აზერბაიჯანში მსგავს ერთიანობასა და აქტივიზმზე მხოლოდ ოცნება შეიძლება.
სწორედ ასეთი რეაქცია მოჰყვა აზერბაიჯანში უკანასკნელი დღეებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც მოჰყვა “უცხო ქვეყნის აგენტების” შესახებ კანონპროექტის განხილვას. ამჯერად ეს რეაქცია უფრო მშფოთვარე იყო, რადგან აზერბაიჯანისთვის მეტად ნაცნობი და მტკივნეულია მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე სახელმწიფო კონტროლის თემა.
2013 წლის ბოლოს “არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნითა” და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების დაცვის საბაბით კანონში შევიდა ცვლილებები არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ. ამ ცვლილებებმა მაქსიმალურად გაართულა არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის პროცედურა. არარეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო გადარიცხვების და სხვა პროცედურებისთვის კი მსხვილი ჯარიმები დააწესეს. სხვა ქვეყნიდან დაფინანსების მიღება იმდენად გართულდა, რომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა, საერთაშორისო ორგანიზაციები კი ქვეყნიდან საერთოდ გავიდნენ.
ერთი წლის წინ აზერბაიჯანში ძალაში შევიდა კანონი “მედიის შესახებ”, რომელსაც დამოუკიდებელი აზერბაიჯანელი ჟურნალისტები და საერთაშორისო ორგანიზაციები ეწინააღმდეგებოდნენ იმ მიზეზით, რომ კანონის მიღება ნიშნავდა ხელისუფლების მიერ მედიაზე საბოლოო გაბატონებას და, შესაბამისად, მის ცენზურას. ეს კანონი ბოლო ეტაპი გახდა იმ პროცესისა, რომელიც აზერბაიჯანში 2013-2014 წლებში დაიწყო და დღეს უკვე ყველა განსხვავებულ აზრს საშუალებას აღარ აძლევს, მედიით გავრცელდეს.
“ქართველი ხალხი ბრწყინვალეა! როდესაც ჩვენთან შეუზღუდეს არასამთავრობო ორგანიზაციებს გარე დაფინანსება, როდესაც ორი წლის წინ კანონი მიიღეს “მედიის შესახებ”, მხოლოდ ადამიანების ჯგუფი აპროტესტებდა. დანარჩენ მოსახლეობამდე ვერ მიაღწია ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები გონგოდ (Government-organized non-governmental organization, მთავრობის მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია) იცვლება და მთლიანად ნადგურდება დამოუკიდებელი პრესა, ეს ყველას ეხება”, – დაწერა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ერთ-ერთმა აზერბაიჯანელმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა.
საუბარია 2014 წელს არასამთავრობოების დაფინანსების გამკაცრებაზე, რის შემდეგაც ბევრი ორგანიზაცია დაიხურა, ასევე, 2021 წელს აზერბაიჯანში “მედიის შესახებ” ახალი კანონი მიიღეს, რომელიც ითვალისწინებს მედიისთვის ერთიანი რეესტრის შექმნას. ყოველივე ეს, თავისი არსით, ასევე გულისხმობს “უცხო ქვეყნის აგენტებზე ნადირობას”, თუმცა ეს ტერმინი აზერბაიჯანში არ გამოიყენება.
“მედიის შესახებ” კანონის გასაპროტესტებლად ბაქოში, პარლამენტის შენობასთან მხოლოდ 20-მდე ჟურნალისტი მივიდა. პოლიციამ მალევე დაშალა ისინი, პარლამენტმა კი, კანონი მაინც მიიღო. მედიარეესტრში რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და გაურკვეველია, როგორ აისახება იმ დამოუკიდებელ მედიაგამოცემებზე, რომლებიც უარს ამბობენ რეგისტრაციაზე. ამ გარემოებების გათვალისწინებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტებისა და მათ გულშემატკივრებისთვის გულდასაწყვეტი იყო იმის ნახვა, რომ ქართველმა კოლეგებმა საკუთარი ინტერესების დაცვა მოახერხეს, მათ კი – ვერ.
აზერბაიჯანელი კარიკატურისტი და პოლიტემიგრანტი გიუნდუზ აგაევი ფიქრობს, რომ თუ კრემლი აზერბაიჯანშიც დააპირებს უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის მიღებას, არც რუსეთის და არც აზერბაიჯანის ხელისუფლებას ეს არანაირ ძალისხმევად არ დაუჯდება.
როგორ გააქრო ალიევის რეჟიმმა კრიტიკული მედია და ორგანიზაციები
“ჩვენს პარლამენტში ნებისმიერი კანონის გატანაა შესაძლებელი. მეორე მხრივ, აზერბაიჯანში ისედაც ყველა მზადაა მსგავსი კანონის შესასრულებლად. ხელისუფლებამ იცის, რომ ხალხი, დიდწილად, ერთმანეთის ცილისწამებას არ ერიდება და ნებისმიერ პირს ძალიან მარტივად მიაკერებენ “აგენტის”და “ხალხის მტრის” იარლიყს”.
ის, თუ რამდენად აქტიური იყო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მსგავსებისა და განსხვავებების განხილვა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმით, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ პირველად ჩათვალა საჭიროდ, საზოგადობის დისკუსიაზე რეაგირება ჰქონოდა.
კერძოდ, მმართველი პარტიის [“ახალი აზერბაიჯანი” ] დეპუტატმა ჯავიდ ოსმანოვმა განაცხადა, რომ “აზერბაიჯანში ანტინაციონალური ძალები იყენებენ საქართველოს მოვლენებს საკუთარი ინტერესებისთვის და ამცირებენ აზერბაიჯანელ ხალხს სოციალურ ქსელებში, როდესაც ამბობენ, რომ აზერბაიჯანელებს არ აქვთ საბრძოლო სულისკვეთება”.
დეპუტატის თქმით, აზერბაიჯანელი ხალხის საბრძოლო სულისკვეთება გამოჩნდა მეორე ყარაბაღის ომის დროს და მანამდეც, როდესაც “ანტიაზერბაიჯანული წრეები აზერბაიჯანზე გავლენის მოხდენას გეგმავდნენ”.
“აზერბაიჯანელი ხალხის საბრძოლო სულიკვეთება, ხალხისა და ხელისუფლების ერთიანობა დღეს უფრო მყარია. აზერბაიჯანის წინაშე დღეს ახალი, დიდი მიზნებია და ამ მიზნების მისაღწევად, უფრო ძლიერი აზერბაიჯანის ასაშენებლად, აზერბაიჯანელი ხალხი შეკრულია ბატონი პრეზიდენტის გარშემო და წარმატებულად მიდის ამ გზით”, – ამბობს დეპუტატი.
დამოუკიდებელი აზერბაიჯანული მედიაპლატფორმის Meydan TV-ის რედაქტორი სევდა სამედოვა რამდენიმე წელია თბილისში ცხოვრობს და თავადაც მონაწილეობდა 7-8 მარტის საპროტესტო აქციებში უცხო ქვეყნის გავლენების აგენტების შესახებ კანონის წინაააღმდეგ. სევდა სამედოვა მიიჩნევს, რომ ამჟამად შეუძლებელია მსგავსი მასშტაბების საპროტესტო აქციების მოწყობა აზერბაიჯანში.
“აზერბაიჯანში ამდენი ხალხი ბოლოს 90-იანი წლების დასაწყისში თუ გვახსოვს გამოსული. თუმცა, მას შემდეგ არასოდეს, იმის მიუხედავად, რამდენად ირღვეოდა მათი უფლებები, რადგან აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოება ფაქტიურად განადგურებულია. ის, რასაც ჩვენ დღეს ვუწოდებთ “სამოქალაქო საზოგადოებას” – რამდენიმე ადამიანია. დიახ, ისინი არიან აქტიურები, განათლებულები, გონიერები, მაგრამ ისინი ძალიან ცოტანი არიან და მათი ხმები უბრალოდ არ ისმის. მეტიც, ამ საზოგადოების საყოველთაო “ძილის” ფონზე ისინი მარგინალებად ჩანან. მათ უფრო მეტად აკრიტიკებენ, ვიდრე ხელისუფლებას, და როდესაც ისინი საპროტესტოდ გამოდიან, აღიქმებიან როგორც წესრიგისა და სიმშვიდის დამრღვევები. რის მიღწევას შეძლებს მსგავს პირობებში სამოქალაქო საზოგადოება?!”
სევდა სამედოვა მიიჩნევს, რომ საქართველოში ყველაზე აპოლიტიკური ადამიანიც კი უფრო პოლიტიზებულია, ვიდრე აზერბაიჯანში. იცის და იცავს საკუთარ უფლებებს. სწორედ ესაა განსხვავება ამ ორ საზოგადოებას შორის.
საქართველოში პოლიტიკური აქტივობის არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორად ზოგიერთი აზერბაიჯანის მოქალაქე ასახელებდა იმ ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლება საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ უფრო ლმობიერია, ვიდრე – აზერბაიჯანის.
მათი აზრით, ბაქოში ანალოგიური მიტინგის გამართვით ძალოვნები მხოლოდ წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით არ შემოიფრგლებოდნენ და ბევრად ხისტ ზომებს მიმართავდნენ.
ამ თეზისს არ ეთანხმება სევდა სამედოვა და ამბობს, რომ ამ შემთხვევაში, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობს.
“ქართველები გადიან საპროტესტო აქციებზე არა იმიტომ, რომ მათი ხელისუფლებაა ლმობიერი. პირიქით, საქართველოს ხელისუფლება უფრო თავშეკავებულად იქცევა იმიტომ, რომ მათ წინააღმდეგ გამოდის დიდი რაოდენობის ხალხი, რომელთაც არ ეშინიათ და არ დაიშლებიან. დარწმუნებული ვარ, “ქართულ ოცნებას” რომ შეეძლოს, ისიც გამოიყენებდა რადიკალურ ზომებს პროტესტის მონაწილეების მიმართ. თუმცა მათ დაინახეს, რომ წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის მიუხედავად, ხალხი კი არ იშლება, უფრო მეტი მოდის. სწორედ ეს აიძულებს ხელისუფლებას, იყვნენ რბილები. საქართველოში ძალიან უშიშარი ხალხია, მათ აჩვენეს, რომ უკან დახევას არ აპირენენ და ხელსუფლებამ კარგად გაიგო ეს გზავნილი”.