ახალი ამბები

„თუ გადაადგილება იქნება, იქნება გუნდის შიგნით“ — კობახიძე დეპუტატების შესაძლო წასვლაზე

15 მარტი, 2023 • 2392
„თუ გადაადგილება იქნება, იქნება გუნდის შიგნით“ — კობახიძე დეპუტატების შესაძლო წასვლაზე

„თუკი რამე გადაადგილება იქნება, იქნება გუნდის შიგნით და არა გუნდის მიღმა“, — ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ცალკეული დეპუტატების მიერ მმართველი გუნდის შესაძლო დატოვების შესახებ.

„თუ რამე გადაადგილება იქნება გუნდის ფარგლებში, ამაზე საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით“, — თქვა კობახიძემ „იმედის“ ეთერში.

კობახიძე „ფაშისტური კამპანიით“ დეპუტატებზე ზეწოლით ხსნის იმას, რომ რამდენიმე დეპუტატმა „აგენტების შესახებ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

რა ხდება?

7 მარტს საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ ოთხმა დეპუტატმა შეიკავა თავი რუსული კანონის მხარდაჭერისგან. ოთხივე მათგანი სხდომას დაესწრო, თუმცა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

ეს დეპუტატები არიან:

  • დავით სერგეენკო – არ მონაწილეობდა კენჭისყრაში;
  • ვლადიმერ ჩაჩიბაია – არ მონაწილეობდა კენჭისყრაში;
  • ქეთევან დუმბაძე – არ მონაწილეობდა კენჭისყრაში;
  • ირაკლი მეძმარიაშვილი – არ მონაწილეობდა კენჭისყრაში.

თუმცა, მოგვიანებით, პროსახელისუფლებო Post TV-მ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ირაკლი მეძმარიაშვილიც და ქეთევან დუმბაძეც აცხადებენ, რომ რეალურად მათ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს და ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს.

7 მარტს კენჭისყრას ესწრებოდა, თუმცა რეგისტრაცია არ გაუვლია და, შესაბამისად, კანონპროექტისთვის მხარი არ დაუჭერია უმრავლესობის წევრს, გიორგი ხელაშვილს.

ასევე კენჭისყრას არ ესწრებოდა უმრავლესობის 3 დეპუტატი: ნინო იობაშვილი, ირაკლი კოვზანაძე და ელგუჯა გოცირიძე.

სწორედ ამის შემდეგ გავრცელდა მედიაში ინფორმაცია, რომ დეპუტატები, რომლებმაც კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს, უმრავლესობის დატოვებას აპირებენ, „ქართული ოცნების“ თავმდჯომარე კი უმრავლესობის დატოვების შემთხვევაში მანდატის დატოვებასაც სთხოვს.

თუმცა ეს დეპუტატები კენჭისყრის შემდეგ მედიასთან არ გამოჩენილან და კომენტარი არ გაუკეთებიათ.

„ნეტგაზეთმა“ რამდენიმე მათგანთან დაკავშირება სცადა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და ირაკლი კოვზანაძის თანაშემწემ აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურეს.

მამუკა მდინარაძე “ოცნებიდან” დეპუტატების შესაძლო წასვლაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი