ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე “ოცნებიდან” დეპუტატების შესაძლო წასვლაზე

15 მარტი, 2023 • 8052
მამუკა მდინარაძე “ოცნებიდან” დეპუტატების შესაძლო წასვლაზე

„უმრავლესობას საფრთხე არ ემუქრება“, – ასე პასუხობს  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე კითხვას მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ საპარლამემნო უმრავლესობის დატოვებას რამდენიმე დეპუტატი აპირებს.

საუბარია ვლადიმერ ჩაჩიბაიაზე, დავით სერგეენკოსა და გიორგი ხელაშვილზე, რომელთაც მხარი არ დაუჭირეს რუსულ კანონპროექტს.

მდინარაძის თქმით, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სხვა კომენტარს არ გააკეთებს.

„მე შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ უმრავლესობას არანაირი პრობლემა არ აქვს და საფრთხე არ ემუქრება. ამის იქით მე ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ. მთელი კამპანია მიდის ამაზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

რა ხდება?

საპარლამენტო უმრავლესობის შენარჩუნებისათვის „ქართულ ოცნებას“ მინიმუმ 76 დეპუტატი სჭირდება.  ამ დროისათვის საპარლამენტო უმრავლესობა 83 დეპუტატისგან შედგება და მასში შედის ფრაქცია „ქართული ოცნების“ 74  და „ხალხის ძალის“ 9 დეპუტატი.

7 მარტს საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ ოთხმა დეპუტატმა შეიკავა თავი რუსული კანონის მხარდაჭერისგან. ოთხივე მათგანი სხდომას დაესწრო, თუმცა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

ეს დეპუტატები არიან:

1. დავით სერგეენკო – არ მონაწილეობდა კენჭისყრაში;
2. ვლადიმერ ჩაჩიბაია –  არ მონაწილეობდა კენჭისყრაში;
3. ქეთევან დუმბაძე – არ მონაწილეობდა კენჭისყრაში;
4. ირაკლი მეძმარიაშვილი – არ მონაწილეობდა კენჭისყრაში

თუმცა, მოგვიანებით,  პროსახელისუფლებო Post TV-მ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ირაკლი მეძმარიაშვილიც და ქეთევან დუმბაძეც აცხადებენ, რომ  რეალურად მათ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს და ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს.

7 მარტს კენჭისყრას ესწრებოდა, თუმცა რეგისტრაცია არ გაუვლია და, შესაბამისად, კანონპროექტისთვის მხარი არ დაუჭერია უმრავლესობის წევრს, გიორგი ხელაშვილს.

ასევე კენჭისყრას არ ესწრებოდა უმრავლესობის 3 დეპუტატი: ნინო იობაშვილი, ირაკლი კოვზანაძე და ელგუჯა გოცირიძე.

სწორედ ამის შემდეგ გავრცელდა მედიაში ინფორმაცია, რომ დეპუტატები, რომლებმაც კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს, უმრავლესობის დატოვებას აპირებენ, „ქართული ოცნების“ თავმდჯომარე კი უმრავლესობის დატოვების შემთხვევაში მანდატის დატოვებასაც სთხოვს.

თუმცა ეს დეპუტატები კენჭისყრის შემდეგ მედიასთან არ გამოჩენილან და კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ნეტგაზეთმა რამდენიმე მათგანთან დაკავშირება სცადა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და ირაკლი  კოვზანაძის თანაშემწემ აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.