ახალი ამბები

1 კვირაა, ხელისუფლება მალავს ინფორმაციას აქციების დარბევისას დაშავებულებზე

15 მარტი, 2023 • 1127
1 კვირაა, ხელისუფლება მალავს ინფორმაციას აქციების დარბევისას დაშავებულებზე

უკვე ერთი კვირა, ჯანდაცვის სამინისტრო მალავს ინფორმაციას 7-8 მარტის აქციების დარბევის შედეგად დაშავებულთა შესახებ.

პირველი აქცია შსს-მ 7 მარტის ღამით დაარბია, 8 მარტის დილით კი პროაქტიულად გაავრცელა ინფორმაცია დაშავებული პოლიციელების შესახებ.

„დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა და ამ დრომდე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში. აქციის მიმდინარეობისას, დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმაც“, — განაცხადა შსს-მ 8 მარტის დილას.

ნეტგაზეთი მას შემდეგ ცდილობს დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას. აქციის მონაწილეები აქციის დარბევისას დაშავდნენ 8 მარტის ღამითაც, თუმცა მათი რაოდენობაც დაფარული დარჩა.

მედიასაშუალებების გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ დარბევისას არაერთი ადამიანი დაშავდა, მათ სასწრაფო დახმარებაც დასჭირდათ. მათ შორის, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მხედველობა დაკარგა. არაერთი დაშავებული ნახეს ადგილზე მომუშავე ნეტგაზეთის ჟურნალისტებმაც.

ნეტგაზეთი რამდენიმე დღეა ცდილობს, აქციებზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია მოიპოვოს როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისაგან, ისე ჯანდაცვის სამინისტროსგან. ორივე უწყების პრესსამსახურში 8 მარტიდან აცხადებენ, რომ ინფორმაციას გაარკვევენ და მოგვაწვდიან.

ინფორმაციის მიღების შემთხვევაში ნეტგაზეთი მასალას განაახლებს.


საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

აშშ და ევროკავშირი თავიდანვე აცხადებდნენ, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო დაკარგავდა შანსს, მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

კანონპროექტის მიღებას მრავალათასიანი, მძლავრი პროტესტი მოჰყვა. ხელისუფლება 2 დღე არბევდა აქციას, რა დროსაც რუსთაველის გამზირზე დაზიანდა ავტომობილები, პარლამენტის შენობა, დაკავებულთა რაოდენობამ კი 130-ს გადააჭარბა.

საბოლოოდ, მძლავრი პროტესტის ფონზე ხელისუფლებამ უკან დაიხია და „აგენტებზე“ ორივე კანონპროექტი 10 მარტს უკან გაიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი