ახალი ამბები

თსუ-მ ჰომოფობიური შინაარსის მქონე ლიტერატურა სხვა სახელმძღვანელოთი ჩაანაცვლა – ომბუდსმენი

25 მაისი, 2021 • 994
თსუ-მ ჰომოფობიური შინაარსის მქონე ლიტერატურა სხვა სახელმძღვანელოთი ჩაანაცვლა – ომბუდსმენი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ომბუდსმენის მიმართვის საფუძველზე, სასწავლო მასალის ჰომოფობიური შინაარსის მატარებელი ლიტერატურა სხვა შესაბამისი სახელმძღვანელოებით ჩაანაცვლა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი ავრცელებს.

“სახალხო დამცველის აპარატმა, ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ განცხადების საფუძველზე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არჩევითი დისციპლინის „პოლიტიკური კულტურის“ სავალდებულო ლიტერატურა შეისწავლა. შესწავლამ ცხადყო, რომ სასწავლო მასალა ჰომოფობიური შინაარსის შემცველი იყო. სახალხო დამცველის აპარატმა ფაკულტეტის ადმინისტრაციას მიმართა და დეკანთან კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად, დისკრიმინაციული ხასიათის სასწავლო მასალა ამოღებულ იქნა სავალდებულო ლიტერატურიდან”, – წერია განცხადებაში.

ომბუდსმენის ცნობით, სახალხო დამცველის აპარატი, უმაღლესი განათლების სფეროში საგანმანათლებლო მასალების ადამიანის უფლებების პრინციპებთან შესაბამისობის მიზნით, სასწავლო პროგრამებს სწავლობს და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს.

რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, ნეტგაზეთი ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის უფროსს, მედეა გუგეშაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, ტექსტი, რომელიც სხვა სახელმძღვანელოთი შეიცვალა, ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო შინაარსს შეიცავდა:

“[LGBTQ] მოხსენიებული იყო დაავადებად, პერვერსიად, გადახრად, ბოროტებად და რელიგიის წინააღმდეგ მიმართულად, რაც უნდა დაიგმოს. საკმაოდ მწვავე ტექსტი იყო. ამის ამოღება მნიშვნელოვანია, რადგან სტუდენტებისთვის უმაღლეს სასწავლებელში ნასწავლი მასალა დიდი სანდოობის წყაროა და ტექსტები, რომლებიც ადამიანის უფლებების პრინციპებს ეწინააღმდეგება, არ უნდა გახდეს მათთვის დაჩაგვრის ან დისკრიმინაციის სტიმულატორი”, – განმარტა გუგეშაშვილმა.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 2020 წელს სახალხო დამცველის რეკომენდაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმაც გაითვალისწინა და ჰომოფობიური შინაარსის შემცველი სახელმძღვანელოები ორი სასწავლო კურსისთვის შეცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი