ახალი ამბები

საპატრიარქო ალტ-ინფოს აქციაში მონაწილე სასულიერო პირს ემიჯნება

15 მარტი, 2023 • 1311
საპატრიარქო ალტ-ინფოს აქციაში მონაწილე სასულიერო პირს ემიჯნება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო მიუღებელს უწოდებს ერთ-ერთი სასულიერო პირის “თვითნებურად მოქმედებას” პრორუსული “ალტ-ინფოს” აქციაზე. ამავე განცხადებაში საპატრიარქო დასძენს, რომ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით “სამართალდამცავებისათვის ცეცხლის წაკიდებისა და პარლამენტის შენობაში ხანძრის გაჩენის მცდელობაც” მიუღებელია.

“რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ მიერ გაკეთდა განცხადება, სადაც სასულიერო პირებს რადიკალური და საზოგადოებაში პოლარიზაციის ხელშემწყობი პოზიციების საჯაროდ დაფიქსირებისაგან თავის შეკავებისაკენ მოვუწოდეთ.

მიუხედავად ამისა, გუშინ, 2023 წლის 14 მარტს, გამართულ საპროტესტო აქციაზე თვითნებურად მოქმედებდა სასულიერო პირი. მეტიც, ის მოქმედებდა საეკლესიო კანონიკის დარღვევით და მისი მოწოდებები საზოგადოების პოლარიზაციას უწყობდა ხელს.

აღნიშნული სასულიერო პირი არ მიეკუთვნება მცხეთა-თბილისის ეპარქიას და მის მღვდელმთავარს რეაგირებისათვის გაეგზავნა შესაბამისი წერილი”, — ნათქვამია 15 მარტის განცხადებაში.

საპატრიარქო იქვე საუბრობს 7-8 მარტის აქციებზე რუსული კანონპროექტების წინააღმდეგ და დასძენს, რომ “ქვეყნისათვის რაიმე სიკეთის მოტანა სრულიად წარმოუდგენელია „მოლოტოვის კოქტეილების“ საშუალებით, სამართალდამცავებისათვის ცეცხლის წაკიდებისა და პარლამენტის შენობაში ხანძრის გაჩენის მცდელობით”.

“ეს სრულიად მიუღებელია. ასევე მიუღებელია ის, რაც გუშინ ვიხილეთ, როდესაც აქციაზე ლოცვასთან ერთად ისმოდა მოქალაქეებისადმი მუქარა.

საეკლესიო ეთიკისთვის შეუფერებელია მლოცველი ადამიანისაგან შეურაცხმყოფელი მიმართვები, გინება და, მით უფრო, ქვების სროლა”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

საპატრიარქოს განცხადებით, ყოველი ძალადობრივი ფაქტი, პოლარიზებისა და შფოთის მცდელობა, დაუბალანსებელი მოწოდება, რომელი მხრიდანაც არ უნდა იყოს ის ნაკარნახევი, ეკლესიისგან შორს დგას.

რა ხდებოდა ალტ-ინფოს აქციაზე

პრორუსული “ალტ-ინფოს” წარმომადგენლებმა თბილისში აქცია 14 მარტს გამართეს. მსვლელობა სააკაძის მოედნიდან დაიწყო და პარლამენტთან დასრულდა.

გზად სხვადასხვა საგანი, მათ შორის, ქვა ესროლეს იურიდიული კომპანიის BGI Legal-ის ოფისის აივანს, რის შედეგადაც თანამშრომელი დაშავდა.

ცოტა ხნის შემდეგ აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც, თუმცა პრორუსულმა ჯგუფებმა მაინც შეძლეს დროშის ჩამოხსნა.

შსს-ს თქმით, ოფისისთვის ქვის სროლის ინციდენტს ძალადობის მუხლით იძიებენ, დროშის ჩამოხსნასა და დაწვაზე კი ადმინისტრაციული წარმოებაა დაწყებული.

7-8 მარტის პროტესტი თბილისში

„ქართული ოცნება“ საქართველოში „უცხოეთის აგენტებზე“ რუსული კანონის მიღებას გეგმავდა.

მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

აშშ და ევროკავშირი თავიდანვე აცხადებდნენ, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო დაკარგავდა შანსს, მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მიუხედავად ამისა, პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც მრავალათასიანი, მძლავრი პროტესტი მოჰყვა.

ხელისუფლება 2 დღე არბევდა აქციას, რასაც დემონსტრანტთა ნაწილის წინააღმდეგობა სდევდა თან. ამ პერიოდში რუსთაველის გამზირზე დაზიანდა ავტომობილები, პარლამენტის შენობა, დაშავდა 50-მდე პოლიციელი და აქციის არაერთი მონაწილე, დაკავებულთა რაოდენობამ კი 130-ს გადააჭარბა.

საბოლოოდ, მძლავრი პროტესტის ფონზე ხელისუფლებამ უკან დაიხია და „აგენტებზე“ ორივე კანონპროექტი 10 მარტს უკან გაიწვია.

თუმცა ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ანტიდასავლურ რიტორიკას, ასევე, ცდილობს საპროტესტო აქციის მონაწილეთა დისკრედიტაციას სხვადასხვა იარლიყის მიკვრით, თითქოს საპროტესტო აქციის მონაწილეები იყვნენ „ნაცები“, „ეკლესიის მტრები“, „სატანისტები“ და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი