ახალი ამბები

პრორუსულმა „ალტ-ინფომ“ პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა დაწვა

14 მარტი, 2023 • 1329
პრორუსულმა „ალტ-ინფომ“ პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა დაწვა

პრორუსული „ალტ-ინფოს“ ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, ფეხით გათელეს და დაწვეს.

ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც, თუმცა, მიუხედავად ამისა, პრორუსულმა ჯგუფებმა ევროკავშირის დროშის დაწვა მაინც შეძლეს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პრორუსული ძალადობრივი ჯგუფები პარლამენტთან აღმართულ ევროკავშირის დროშას ხსნიან და წვავენ. ისინი ასე მოიქცნენ 2021 წლის 5-6 ივლისს აქციების დროს, როცა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ორჯერ ჩამოხიეს.

2022 წლის იანვრიდან საქართველოში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროკავშირის, ნატოს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის სასჯელს ითვალისწინებს.

კერძოდ, საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, რომლის წევრიც არის საქართველო, ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა ან საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი იმ სახელმწიფოს, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, დროშის ან გერბის შებღალვა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით.

თუ ამ ქმედების ჩამდენია ადმინისტრაციულსახდელდადებული პირი, მაშინ ეს გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ნეტგაზეთი ცდილობს გარკვევას, დროშის დაწვას მოჰყვა თუ არა შსს-ს მხრიდან რაიმე სამართლებრივი რეაგირება.

მთავარ ფოტოზე: კადრი მარიამ ნიკურაძის ვიდეოდან

მასალების გადაბეჭდვის წესი