ახალი ამბები

ქართველებმა ხმამაღლა და მკაფიოდ გააკეთეს არჩევანი EU-სკენ – ესტონეთის პრემიერი

11 მარტი, 2023 • 1864
ქართველებმა ხმამაღლა და მკაფიოდ გააკეთეს არჩევანი EU-სკენ – ესტონეთის პრემიერი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი ბოლო დღეებში საქართველო განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ქართველბმა ქართველებმა ხმამაღლა და მკაფიოდ გააკეთეს ევროკავშირისკენ არჩევანი.

ამის შესახებ ის ტვიტერზე წერს.

მისი თქმით, ევროპისკენ გზაზე ესტონეთი ქართველი მეგობრების გვერდით დგას.

„საქართველოს პარლამენტის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა კანონპროექტის უკან გაწვევა და ხალხის ნების დაცვა. ქართველებმა ხმამაღლა და მკაფიოდ გააკეთეს არჩევანი – ეს არის გზა ევროკავშირისკენ. ჩვენს ქართველ მეგობრებს: ესტონეთი თქვენს გვერდით დგას ამ გზაზე“, – წერს ესტონეთის პრემიერი.


საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ მედიისა და არასამთავრობო სექტორის შემზღუდავი რუსული კანონპროექტის მიღება განიზრახა. მსგავსი კანონის მიღების შემდეგ რუსეთში 2012 წლიდან მნიშვნელოვნად შეზღუდეს და საბოლოოდ, „აგენტის“ იარლიყის მიწებებასთან ერთად ქვეყნიდან გააქრეს დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი.

მიუხედავად საქართველოს მოქალაქეთა პროტესტისა და აშშ-ევროპის გაფრთხილებისა, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შანს დაუკარგავდა, პარლამენტმა პირველი მოსმენით 7 მარტს კანონპროექტი მიიღო.

აღნიშნულის გამო მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო, რასაც ხელისუფლება სპეცრაზმის გამოყენებით ორი დღე არბევდა. დარბევისას დაიწვა მანქანები, დაზიანდა პარლამენტის შენობა, დაშავდა ათობით ადამიანი, მათ შორის პოლიციელებიც.

საბოლოოდ, მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე ხელისუფლებამ უკან დაიხია და 10 მარტს ჩააგდო პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი, კანონპროექტის მეორე ვერსია კი გაიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი