ახალი ამბები

აქციის წინა დღეს თავდაცვა ამბობს, რომ სტუდენტებს ჯარი აღარ შეეხება

10 მარტი, 2023 • 1470
აქციის წინა დღეს თავდაცვა ამბობს, რომ სტუდენტებს ჯარი აღარ შეეხება

ახალი „თავდაცვის კოდექსით“ სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ.

ამის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 10 მარტს გაავრცელა, ხვალ დაგეგმილ აქციამდე 1 დღით ადრე. კერძოდ, ხვალ, 11 მარტს, პარტია „გირჩი“ და მის მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება“ სამხედრო სავალდებულო სამსახურის წინააღმდეგ გეგმავს აქციის გამართვას – „არა მონობას!

„თავდაცვის სამინისტრომ „თავდაცვის კოდექსი“ შეიმუშავა, რომელიც ქართული ჯარის გაძლიერებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისათვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ახალი კოდექსით იქმნება რეზერვის მყარი საფუძველი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალი „თავდაცვის კოდექსით“, სტუდენტებს, მხოლოდ მათი სურვილის შემთხვევაში, არდადეგების პერიოდში ან უქმე დღეების ხარჯზე, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ:

  • თუ სამხედრო წვრთნას გაივლიან ყოველწლიურად, ზაფხულში 1 თვის განმავლობაში, მომდევნო 4 წელი;
  • ან გაივლიან 2-წლიან უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამას ისე, რომ ხელი არ შეეშლებათ განათლების მიღებაში, ხოლო სწავლის დასრულებისა და ხარისხის მიღების შემთხვევაში, მიენიჭებათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება, აკადემიური ხარისხის ვერ მიღების შემთხვევაში კი – სერჟანტის წოდება;
  • ან გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად, ჩაირიცხებიან უკვე მოქმედ ანაზღაურებად ტერიტორიულ რეზერვში და იმსახურებენ 4 წლის განმავლობაში წელიწადში 45 დღე, რომლის სამი წლის ამოწურვის შემდგომ, წვევამდელთა ეროვნული სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. აღნიშნული პირობებით სარგებლობის საშუალება ექნებათ ასევე უმაღლესი განათლების მქონე წვევამდელებს.

„ახალი კოდექსით იცვლება გადავადების პირობები: აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება ფიქტიური „რელიგიური ორგანიზაციების“ არაკეთილსინდისიერი გამოყენება ჯარის თავიდან არიდების მიზნით.

ახალი კოდექსით უმჯობესდება სამხედროების სოციალური გარანტიები მრავალწლიანი სამსახურის დაფასების მიზნით: თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იქნება სამხედროთა გარკვეული კატეგორიისთვის, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, თანადაფინანსებით, უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართების (ბინების) მშენებლობა; სამხედროები უზრუნველყოფილი არიან უმაღლესი ხარისხის სამხედრო აღჭურვილობით, საცხოვრებელი პირობებით, კვებით, სამედიცინო დაზღვევით და გაუმჯობესებული სოციალური პირობებით“, – ნათქვამია თაცვდაცვის სამინისტროს განცხადებაში.


„გირჩის“ მხარდამჭერთა ჯგუფში ასობით ახალგაზრდა კაცი წერს, რომ აქციაზე აუცილებლად მივა, რადგან თავდაცვის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები სავალდებულო ჯარის პირობების გამკაცრებაზე ხელს შეუშლის მათ კარიერულ და პიროვნულ განვითარებას, სწავლას, მუშაობას, რაც ავტომატურად გააუარესებს მათი ოჯახების ფინანსურ მდგომარეობასაც.

ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რაც სავალდებულო ჯარის საკითხს ეხება, დაკავშირებულია „ბიბლიურ თავისუფლებასთან“, რომლის წევრობის საფუძველზეც 18-27 წლის ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის თავიდან აცილება შეუძლიათ. ცვლილებების შემდეგ ამას ვერავინ შეძლებს.

გარდა ამისა ცვლილებების პირველი ვერსიით, სტუდენტის სტატუსი ჯარის გადავადების საფუძველი არ უნდა ყოფილიყო.

ვის (არ) გაიწვევენ ჯარში თავდაცვის ახალი კოდექსის საფუძველზე

მასალების გადაბეჭდვის წესი