ახალი ამბები

სტუდენტობა ჯარის გადავადების საფუძველი აღარ იქნება

1 მარტი, 2023 • 1525
სტუდენტობა ჯარის გადავადების საფუძველი აღარ იქნება

სტუდენტის სტატუსი აღარ იქნება სავალდებულო სამხედრო სასმსახურის გავლის გადავადების საფუძველი. აღნიშნულს ითვალისწინებს თავდაცვის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები.

კერძოდ, სტუდენტი შესაძლებელია დაექვემდებაროს შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას.

ასეთ შემთხვევაში სტუდენტს საკუთარი სურვილით შეეძლება შეარჩიოს და გაიაროს სამხედრო სამსახურის ერთ-ერთი ფორმა – 6, 8 ან 11 თვის ხანგრძლივობით, ან ჩაირიცხოს შესაბამის სამხედრო მომზადების პროგრამაზე, რომელიც გულისხმობს ოთხი წლის განმავლობაში სტუდენტის მიერ ზაფხულის პერიოდში შეკრებების გავლას.

სტუდენტს, რომელსაც 11-თვიანი სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ექნება აკადემიური ხარისხი, მიენიჭება ლეიტენანტის სამხედრო წოდება, ხოლო სამხედრო სამსახურის სხვა ფორმების გავლის შემთხვევაში – რიგითის სამხედრო წოდება.

„სტუდენტს ექნება ოთხი არჩევანი. მას შეუძლია, სურვილის შემთხვევაში აიღოს აკადემიური და გაიაროს 6, 8 ან 11-თვიანი პროგრამა, ხოლო თუ მას უნდა, სწავლას შეუთავსოს, არის ოთხწლიანი ოფციაც. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ნებაყოფლობითი პროგრამა, რომელიც შემოგვაქვს. ეს არის რეზერვის ოფიცრის ორწლიანი პროგრამა. სტუდენტებს ასევე შეუძლიათ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროგრამაში და სწავლის ხელშეშლა არ მოხდება. ეს პროგრამაც უქმეების პერიოდზე არის აგებული“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ.

გაიგეთ მეტი

ვის (არ) გაიწვევენ ჯარში თავდაცვის ახალი კოდექსის საფუძველზე

მასალების გადაბეჭდვის წესი