ახალი ამბები

„არა მონობას!“ — სავალდებულო ჯარის წინააღმდეგ 11 მარტს აქცია იმართება

10 მარტი, 2023 • 1380
„არა მონობას!“ — სავალდებულო ჯარის წინააღმდეგ 11 მარტს აქცია იმართება

პარტია „გირჩი“ და მის მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება“ 11 მარტს, 17 საათზე, თბილისში, პარლამენტთან აქციას გეგმავენ.

ჯარში მხოლოდ ის უნდა მიდიოდეს, ვინც ჯარისკაცობაზე ოცნებობს. იძულებით ჯარში გაწვევა – მონობაა. მონობა ამორალურია! ადამიანი არ არის მთავრობის მსახური.

ჩვენი მოთხოვნაა, დასრულდეს სავალდებულო გაწვევა! რას ვაპირებთ, თუ მონობას დააკანონებენ? თავისუფალი ადამიანების ვალდებულებაა, არ დაემორჩილონ მონობას და ყველა საშუალებით დაიცვან ერთმანეთი.

მთავრობა ან პოლიტიკოსი, რომელიც მოქალაქეს, როგორც მონას ისე უყურებს, არც პატივისცემას იმსახურებს, არც აღიარებას და უნდა იყოს განდევნილი პოლიტიკიდან“, — აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ღონისძიების ანონსში 3 ათასზე მეტ ადამიანს მითითებული აქვს, რომ 11 მარტის აქციაზე მივა.

გირჩის მხარდამჭერთა ჯგუფში ასობით ახალგაზრდა კაცი წერს, რომ აქციაზე აუცილებლად მივა, რადგან თავდაცვის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები სავალდებულო ჯარის პირობების გამკაცრებაზე ხელს შეუშლის მათ კარიერულ და პიროვნულ განვითარებას, სწავლას, მუშაობას, რაც ავტომატურად გააუარესებს მათი ოჯახების ფინანსურ მდგომარეობასაც.

ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რაც სავალდებულო ჯარის საკითხს ეხება, დაკავშირებულია „ბიბლიურ თავისუფლებასთან“, რომლის წევრობის საფუძველზეც 18-27 წლის ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის თავიდან აცილება შეუძლიათ. ცვლილებების შემდეგ ამას ვერავინ შეძლებს. გარდა ამისა, სტუდენტობა არ იქნება ჯარის გადავადების საფუძველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი