საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სიტყვით მიმართა მოქალაქეებს, რომლებიც, მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონპროექტის გაწვევის დაანონსების მიუხედავად, დღეს, 9 მარტს, მაინც გავიდნენ ქალაქის ცენტრში.
“გუშინ ჩვენ ამ სცენაზე ვიდექით და ვამბობდით, არა რუსულ კანონს. და დღეს ხელისუფლებას მოუწია, უარი ეთქვა ამ კანონზე. ეს არის თქვენი პირველი გამარჯვება. მადლობა ამისთვის”, — მიმართა მან ხალხმრავალი დემონსტრაციის მონაწილეებს.
ლომჯარიამ იქვე გაახმიანა მოთხოვნები ხელისუფლებისადმი, მათ შორის, გასულ დღეებში დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება.
“ჩვენი 133 თანამოქალაქე, რომლებიც მშვიდობიანად იდგნენ გუშინდელ აქციაზე, სანამ მათ წინააღმდეგ არ იქნა გამოყენებული არალეგიტიმური ძალა, არის დაკავებული დღეს. დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ყველა დაკავებული. არავინ არ დავიშლებით, სანამ ბოლო მოქალაქემდე თავისუფალი არ იქნება დღესვე.
მეორე მოთხოვნა: დაუყოვნებლივ უყარეთ კენჭი ამ საზიზღარი რუსული კანონის გაუქმებას. არცერთი დღე არ უნდა იყოს ეს რუსული კანონი საქართველოს პარლამენტში”, — დასძინა მან, შემდეგ კი თავისი “პირადი მოთხოვნაც” დაამატა, რომელიც “ქართული ოცნების” სატელიტ პარტიას, “ხალხის ძალას” მიემართება:
“შეიცვალოს სახელი “ხალხის ძალამ” და დაირქვას ხალხის სირცხვილი. ხალხის ძალა ხართ თქვენ! ხალხის ძალა დგას აქ”.
ლომჯარია გამოეხმაურა “ქართული ოცნების” განცხადების იმ ნაწილსაც, რომელშიც ნათქვამია, რომ “ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად”, საზოგადოებას უკეთ განუმარტავენ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და ამისათვის დაიწყებენ შეხვედრებს მოსახლეობასთან.
“ახლა გვეუბნებიან, რომ აპირებენ, გაშალონ ფრონტი და იარონ საქართველოს მოქალაქეებთან და დაარწმუნონ, რა კარგია თურმე რუსული კანონი. პროპაგანდა უნდა ვაწარმოოთ უკეთესიო.
ვერსად ვერ მიხვალთ და სადაც მიხვალთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ტვინი გამოურეცხოთ რუსული პროპაგანდით, ყველგან დაგხვდებათ ხალხის ძალა.
ქართველი ხალხის სირცხვილი ხართ თქვენ. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. ჩვენ მივიღებთ ამ სტატუსს. ჩვენ მთელ მსოფლიოს და ევროპას დავანახებთ, როგორი ევროპელები ვართ და როგორ ვიბრძვით თავისუფლებისთვის, რომელზეც დგას ევროპული ერთობა”, — განაცხადა ლომჯარიამ.
რა ხდება
საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.
მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.
კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.
მმართველი გუნდის ამ ნაბიჯს საქართველოს მრავალი მოქალაქის პროტესტი და მასშტაბური დემონსტრაციები მოჰყვა. 7-8 მარტს, მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, ხელისუფლებამ გამოიყენა ფიზიკური ძალა, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი.
დარბევებისას პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდა აქციის მხარეს მყოფი ადამიანების ნაწილი. დაზიანდა პოლიციის ავტომობილები, დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე – აქციის მონაწილეები.
8-9 მარტის ღამეს, რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებს მიმდებარე ქუჩებზე დილამდე სდია და აკავებდა მათ.
ორდღიანი საპროტესტო აქციებისა და დარბევის შემდეგ ხელისუფლებამ თქვა, რომ გაიწვევს რუსულ კანონს, რომელიც ქვეყანაში სამოქალაქო სექტორსა და მედიას ზღუდავს.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რა ფორმითაც არ უნდა მიიღონ ეს კანონი, მას ვეტოს დაადებს.