ახალი ამბები

აქციებზე დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ამ დრომდე არ ავრცელებს

9 მარტი, 2023 • 3972
აქციებზე დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ამ დრომდე არ ავრცელებს

მეორე დღეა, აქციაზე დაშავებულების შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას არ ავრცელებს.

ნეტგაზეთი ორი დღეა ცდილობს, 7-8-9 მარტის აქციებზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია მოიპოვოს როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისაგან, ისე ჯანდაცვის სამინისტროსგან.

უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ინფორმაციას გაარკვევენ და მოგვაწვდიან. მიღებისთანავე აღნიშნულ სტატიას ნეტგაზეთი განაახლებს.

მედიასაშუალებების გავრცელებულ ვიდეოებში ამ დღეების განმავლობაში ათეულობით დაშავებული ჩანდა, მათ შორის, ვრცელდება ცნობები ადამიანთა მხედველობის დაკარგვისა და სხვა მძიმე დაზიანებების შესახებ. არაერთი დაშავებული ნახეს ადგილზე მომუშავე ნეტგაზეთის ჟურნალისტებმაც.

ასევე, შსს-მ 8 მარტს თქვა, რომ 50-მდე პოლიციელის გარდა დაშავდნენ მოქალაქეები, მაგრამ მათი რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

დაშავებულთა ფოტოები:


საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს. კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ხელისუფლებამ გამოიყენა ფიზიკური ძალა, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი.  დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.

დაზიანდა პოლიციის ავტომობილები, დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე – აქციის მონაწილეები. 8-9 მარტის ღამეს, რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებს მიმდებარე ქუჩებზე დილამდე სდია და აკავებდა მათ.

9 მარტს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ  კანონპროექტს „გაიწვევს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი