ახალი ამბები

ჯაფარიძის მიმართ ევროპული კონვენციის სულ მცირე 3 მუხლი დაირღვა — DRI

9 მარტი, 2023 • 1130
ჯაფარიძის მიმართ ევროპული კონვენციის სულ მცირე 3 მუხლი დაირღვა — DRI

7 მარტის ღამით, რუსთაველზე გამართული დემონსტრაციის დარბევისას, ზურაბ ჯაფარიძის მიმართ ევროპული კონვენციის სულ მცირე სამი მუხლი დაირღვა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი”(DRI) ავრცელებს. 

პარტიისგირჩიმეტი თავისუფლება” დამფუძნებელი პარლამენტთან მაშინ დააკავეს, როდესაც ჩიტაძის ქუჩის მხრიდან გამაგრებულ სპეციალური დანიშნულების რაზმის კორდონთან პოლიციელებსა და სპეცრაზმელებს ელაპარაკებოდა

“ჯაფარიძე მოულოდნელად წააქცია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბაზის ეზოში შეათრია, სავარაუდოდ, სპეციალური დანიშნულების რაზმის 10-15 კაცისაგან შემდგარმა ჯგუფმა, რომლის წევრებიც არ იყვნენ კანონით დადგენილი წესით იდენტიფიცირებადი.

სახალხო დამცველის განცხადებით, დაკავებულებს შორის ყველაზე მძიმე, თვალით ხილული დაზიანება ზურა ჯაფარიძეს აღენიშნება.

სასამართლო პროცესიდან გავრცელებულ ფოტოზე ნათლად ჩანს დაზარალებულისთვის მიყენებული დაზიანებები/სისხლჩაქცევები თხემზე”, — დასძენს ორგანიზაცია.

ზურაბ ჯაფარიძის ამ ფოტოს ელენე ხოშტარია ავრცელებს “ფეისბუკზე”. 

DRI ახსენებს პარტიის წარმომადგენელთა განცხადებებს, რომელთა თანახმადაც ჯაფარიძეს აქვს ყბების და თავის ძლიერი ტკივილი, საჭიროებს კომპიუტერულ ტომოგრაფიას და ადვოკატის მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე არ ჩატარებულა სათანადო სამედიცინო კვლევა.

“საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი, პირველივე შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, წარედგინება სასამართლოს.

უკიდურეს შემთხვევაში, მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, ეს ვადა შესაძლებელია ერთჯერადად გახანგრძლივდეს არაუმეტეს 24 საათისა.

DRIის ხელთ არსებული ინფორმაციით, შსს სასამართლოსთვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლის მოპოვებაც შესაძლებელი ვერ იქნებოდა დაკავებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში”, — დასძენს ორგანიზაცია.

DRI-ის მოსაზრებით, დაკავების ვადის გახანგრძლივება შესაძლებელია ემსახურებოდეს დაკავებულის დასჯას, მისთვის მიყენებული ძლიერი ფიზიკური ტკივილის გახანგრძლივებას და/ან მისი დაზიანებების საზოგადოებისთვის დამალვის მცდელობას.

DRI-ის შეფასებით, ზურა ჯაფარიძის მიმართ იკვეთება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის , მე-3 (ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან გათანაბრებული მოპყრობა), მე-5 (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) და მე10 მუხლების (გამოხატვის თავისუფლება) დარღვევა

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, DRI მოუწოდებს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს

შეწყვიტონ შეკრების მონაწილეების უკანონო დაკავებები; დარჩნენ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში; შეასრულონ კანონით დაკისრებული ვალდებულება უზრუნველყონ შეკრების მონაწილეთა თავისუფლების და უსაფრთხოების დაცვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს

გამომდინარე იქიდან, რომ საჯაროა ზურა ჯაფარიძის დაკავების და არასათანადო მოპყრობის კადრები, რითაც დასტურდება, რომ სახეზეა ადამიანის უფლებების დარღვევის მთელი ჯაჭვი,  დარბაზიდან გაათავისუფლოს ზურა ჯაფარიძე და მიუთითოს მისი დაკავების უკანონობაზე.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს

ზურაბ ჯაფარიძეს მიმართ განხორციელებული ძალადობით ან იარაღის გამოყენებით ჩადენილი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს დაუყოვნებლივ მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი.

რა ხდება

საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი.

ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს. კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

უმრავლესობის წევრებმა მალევე წარმოადგინეს კანონპროექტის მეორე ვერსია, რომელსაც „ამერიკული“ უწოდეს, თუმცა მისთვის სესიაზე კენჭი არ უყრიათ, ისე გააგზავნეს ვენეციის კომისიაში პირველ ვერსიასთან ერთად.

საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ხელისუფლებამ 7-8 მარტს გამოიყენა ფიზიკური ძალა, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი.

დარბევების დროს ადამიანთა ნაწილი პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა. დაზიანდა და დაიწვა პოლიციის ავტომობილები, დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე – აქციის მონაწილეები.

8-9 მარტის ღამეს, რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებს მიმდებარე ქუჩებზე დილამდე სდია და აკავებდა მათ.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რა ფორმითაც არ უნდა მიიღონ ეს კანონი, მას ვეტოს დაადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი