ახალი ამბები

ვიოლა ფონ კრამონი: „მივესალმები რუსული კანონის გაწვევას“

9 მარტი, 2023 • 840
ვიოლა ფონ კრამონი: „მივესალმები რუსული კანონის გაწვევას“

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მიესალმება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას რუსული კანონის უკან გაწვევის შესახებ.

„მივესალმები ქართული ოცნების გადაწყვეტილებას რუსული კანონის გაწვევაზე. მთელი ეს დრამა თავიდან იქნებოდა აცილებული, თავიდანვე რომ მოესმინათ ხალხისა და საქართველოს მეგობრებისთვის. ხალხის ხმის ჩახშობა შეუძლებელია. ბრძოლას თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებებისთვის ყოველთვის აქვს აზრი“, — წერს კრამონი ტვიტერზე.

ორდღიანი საპროტესტო აქციებისა და დარბევის შემდეგ ხელისუფლებამ თქვა, რომ გაიწვევს რუსულ კანონს, რომელიც ქვეყანაში სამოქალაქო სექტორსა და მედიას შეზღუდავს.


საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა. მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს. კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ხელისუფლებამ გამოიყენა ფიზიკური ძალა, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი.  დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.

დაზიანდა პოლიციის ავტომობილები, დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე – აქციის მონაწილეები. 8-9 მარტის ღამეს, რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებს მიმდებარე ქუჩებზე დილამდე სდია და აკავებდა მათ.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რა ფორმითაც არ უნდა მიიღონ ეს კანონი, მას ვეტოს დაადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი