ახალი ამბები

დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ისე — პოლიციელები — შსს

8 მარტი, 2023 • 975
დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ისე — პოლიციელები — შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 7 მარტს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე „აქციის მონაწილეთა მხრიდან პროტესტის გამოხატვის ფორმებმა უკიდურესად ძალადობრივი ხასიათი მიიღო.“

„რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ გამოიყენეს სხვადასხვა საგანი, მათ შორის აალებადი საშუალებები.

სამართალდამცველებთან ღია დაპირისპირება მოვლენების უკიდურეს ესკალაციას უწყობს ხელს. აქციის მიმდინარეობისას დაშავდნენ როგორც მონაწილეები, ასევე, სამართალდამცველები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვასა და საზოგადოების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება, კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, შეწყვიტონ ძალადობრივი ქმედებები, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი რეაგირება და კანონის ფარგლებში დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, — აცხადებს შსს.


დღეს, 7 მარტს, საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართლებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი