საზოგადოება

კომიტეტზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, დეპუტატების ნაწილი გამოაძევეს [ვიდეო]

6 მარტი, 2023 • 1056
კომიტეტზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, დეპუტატების ნაწილი გამოაძევეს [ვიდეო]

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილს, მათ შორის, გიორგი ვაშაძეს, გიორგი ბოტკოველს, ლევან ხაბეიშვილს, ხათუნა სამნიძეს, სალომე სამადაშვილს, თამარ კორძაიას და თაკო ჩარკვიანს სხდომა დაატოვებინეს.

„ძალის გამოყენებით გადმოგვიყვანეს“, — განაცხადა თამარ კორძაიამ.

„დღეს უმრავლესობაც, სპეცსამსახურებიც მოწადინებული არიან, რომ გამორიყონ, გააძევონ ოპოზიციის წარმომადგენლები და თვითონ განიხილონ კანონპროექტი. დღეს კომიტეტის თავმჯდომარე [ანრი ოხანაშვილი] არღვევს კონსტიტუციას. მე დავტოვე დროებით კომიტეტის სხდომა, დავბრუნდები, რათა დავაფიქსირო ფრაქციის პოზიცია“, — განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.

მანამდე კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააფრთხილა ანა წითლიძე, სალომე სამადაშვილი, ლევან ხაბეიშვილი, ხათუნა სამნიძე, გიორგი ვაშაძე და სხვები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა- სალომე სამადაშვილმა, ეკა ხერხეულიძემ და ხათუნა სამნიძემ „ქართული ოცნების“ პარტიული დროშის გამომსახველი პლაკატი გაშალეს, წარწერით: „Русский военный корабль иди на хуй“.

საქართველოს პარლამენტი არ უზრუნველყოფს სრულყოფილ პირდაპირ ტრანსლაციას კომიტეტის სხდომიდან, სადაც „ხალხის ძალის“ ინიციირებულ კანონპროექტებს განიხილავენ.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს “ხალხის ძალიდან” „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვთ ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი