ახალი ამბები

დაუყოვნებლივ აღუდგინეთ ჟურნალისტებს აკრედიტაცია – კოალიციის მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარეს

5 მარტი, 2023 • 691
დაუყოვნებლივ აღუდგინეთ ჟურნალისტებს აკრედიტაცია – კოალიციის მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარეს

მედიის ადვოკატირების კოალიცია პარლამენტის მიერ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებას ეხმაურება და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს დაუყოვნებლივ აღუდგინოს ჟურნალისტებს აკრედიტაცია პარლამენტში.

დღეს, 5 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტმა გამოცემა “პუბლიკასა” და “ტაბულას” ჟურნალისტებს აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერა.

კოალიცია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, უზრუნველყოს საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტების შეუფერხებელი და უსაფრთხო სამუშაო გარემო, კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების დაცვა, განსაკუთრებით შემდეგ კვირას დაგეგმილი რუსული კანონის განხილვის დროს.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტი გახდა სიმბოლო ქვეყანაში ჟურნალისტური საქმიანობისთვის შეზღუდვისა. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ღიად, საჯაროდ და ცინიკურად ირღვევა მედიის წარმომადგენლების უფლებები.

ამის ნათელი დადასტურებაა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე  ლეგიტიმური პროტესტის ფონზე, ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში მიზანმიმართულად ხელის შეშლა, რა დროსაც ადგილი აქვს ჟურნალისტების უკანონო დაკავების, პარლამენტში გადაადგილების შეზღუდვის, არ შეშვების თუ გაძევების ფაქტებს.

ამ ფონზე, როდესაც საზოგადოების მაღალი ინტერესი მიმართულია საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესების მიმართ, პარლამენტი უუქმებს ცალკეული  მედიის, პუბლიკის და ტაბულის, ჟურნალისტებს აკრედიტაციას ერთი თვის ვადით. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს სადამსჯელო ღონისძიებას ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ახორციელებენ და კონსტიტუციით დადგენილი გამოხატვის უფლებით სარგებლობენ,“ – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, უზრუნველყოს მედიისთვის კონსტიტუციით დადგენილი უფლებების დაცვა და მათთვის პარლამენტში ისეთი გარემოს შექმნა, სადაც საშუალება ექნებათ, თავისუფლად შეასრულონ ჟურნალისტური საქმიანობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი