ახალი ამბები

პარლამენტმა პუბლიკასა და ტაბულას ჟურნალისტებს აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერა

5 მარტი, 2023 • 777
პარლამენტმა პუბლიკასა და ტაბულას ჟურნალისტებს აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერა

საქართველოს პარლამენტში მომუშავე ორი მედიასაშუალების „პუბლიკასა“ და „ტაბულას“ ჟურნალისტებს პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა.

გამოცემა „პუბლიკას“ ცნობით აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერდა მათ სამ ჟურნალისტს, ნათია ამირანაშვილს, ქეთი გოგუაძესა და ნათია ლევერაშვილს.

ერთი თვით შეუჩერდა აკრედიტაცია გამოცემა „ტაბულას“ რედაქტორს, ცისია კირვალიძეს.

“ნეტგაზეთმა” სცადა საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურთან, მიშა ფეიქრიშვილთან დაკავშირება. გვაინტერესებდა მიზეზი, თუ რის გამო შეუჩერეს ჟურნალისტებს აკრედიტაცია, თუმცა პარლამენტის პრესსპიკერმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

გამოცემა „პუბლიკა“  წერს, რომ როგორც მათ პარლამენტის აპარატიდან აცნობეს, მიზეზი, რის გამო შეუჩერეს ჟურნალისტებს აკრედიტაცია, გამოცემას მოგვიანებით ეცნობება.

„წერილობითი დასაბუთება სამუშაო დღეს ჩაგვბარდება, თუმცა სიტყვიერად განგვიმარტეს, რომ გადაწყვეტილება 2 მარტს პარლამენტში გამართულ პროტესტს უკავშირდება“, – წერს „პუბლიკა“.

გამოცემების „პუბლიკა“ და „ტაბულა“ ჟურნალისტები, 2 მარტს პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტის სხდომას აშუქებდნენ.   კომიტეტზე, რუსული კანონპროექტის ანალოგს განიხილავდნენ, რომლის მხარდაჭერასაც „ქართული ოცნება“ აპირებს.

ამ დღეს პარლამენტში საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებმა აქცია გამართეს და რუსული კანონის მხარდაჭერა გააპროტესტეს.

—————————

პარლამენტში მედიისთვის ახალი წესები 1-ელი მარტიდან ამოქმედდა. ამ წესების მიხედვით, გამოცემას საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ სამი ჟურნალისტი შეუძლია ჰყავდეს და იმ შემთხვევაში, თუკი მათ აკრედიტაცია შეუჩერდებათ, მათი ჩანაცვლება შეუძლებელი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი