ახალი ამბებიხელოვნება

მაჩაბლის 13 ნომერში გაიხსნა რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი

3 მარტი, 2023 • 2473
მაჩაბლის 13 ნომერში გაიხსნა რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი

მაჩაბლის 13 ნომერში ოფიციალურად გაიხსნა რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი. გახსნაზე უჩვენეს მწერალთა სახლისა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლობით შექმნილი შალვა შენგელიასა და მიხეილ ბასილაძის დოკუმენტური ფილმი „რეპრესირებული მწერლები“ ოთხი რეპრესირებული მწერლის: ნიკოლო მიწიშვილის, პაოლო იაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილისა და ტიციან ტაბიძის შესახებ.

მუზეუმს ექნება საგანმანათლებლო და კვლევითი დანიშნულება. უკანასკნელთან ერთად, ის მიზნად ისახავს სისტემის მსხვერპლთა გახსენებასა და მათი ხსოვნის პატივისცემას. ამავდროულად, მუზეუმის მუდმივი და დროებითი ექსპოზიციები დამთვალიერებელს გააცნობს რეჟიმის მიმართ ქართველი მწერლების წინააღმდეგობების მაგალითებს, რომლებიც გრძელდებოდა მთელი საბჭოთა ისტორიის მანძილზე.

მწერალთა სახლის დირექტორმა ნატა ლომოურმა თავის სიტყვაში ისაუბრა მუზეუმის მნიშვნელობაზე – „ეს მუზეუმი არის ჩვენი მოკრძალებული მცდელობა, პირველ რიგში, მივაგოთ პატივი რეპრესირებულ მწერლებს, რომელთა საფლავებიც, ხშირ შემთხვევაში, არ არსებობს. ვინც აქ ვართ, ყველას ერთხელ მაინც გვიფიქრია, როგორი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა, ეს ხალხი რომ არ შეწირულიყო ამ საშინელ ტერორს, და ყველამ ვიცით პასუხი – როგორი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის დიდი მუზეუმი, სულ ორი ოთახია, იმედი გვაქვს, რომ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, დაიწყოს საბჭოთა წარსულზე საუბარი ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ასე აკლია საზოგადოებას. ეს არის ძალიან მძიმე ექსპოზიცია. ნახავთ ინფორმაციას, რომელიც გაგაკვირვებთ, ეს შეიძლება იყოს ყალბი ბრალდებები ნაცნობი მწერლების მიმართ. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ ყოფილა მათი არჩევანი, ეს იყო ის სისტემა, რომელიც მათ მორალურად ტეხდა და ფიზიკურად ანადგურებდა, ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ყველანი შეძლებთ ამ სურათის დანახვას.”

მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ დადგება დრო, როდესაც გაიხსნება ცალკე რეპრესიების მუზეუმი, რომელიც მიეძღვნება ამ თემას და მის კვლევას.

ნატა ლომოური

მუზეუმის გახსნაში დიდი წვლილი მიუძღვის ამერიკის საელჩოს. წარდგენას დაესწრო ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, რომელმაც თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა როგორც მუზეუმის, ისე საქართველოს წარსულსა და დასავლური მომავლისკენ სწრაფვის მნიშვნელობას:

„დიდი პატივია ვიდგე აქ, მწერალთა სახლში, ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და მნიშვნელოვან, კულტურულად ღირსშესანიშნავ ადგილას თბილისსა და საქართველოში. ეს სახლი მკაფიო სიმბოლოა საქართველოს გამორჩეული და შესანიშნავი ლიტერატურული ტრადიციისა. თუმცა, ამავდროულად, კრემლის ისტორიული ძალისხმევისა, უარეყო საქართველოს იდენტობა. ეს არის სიმბოლო რეპრესიული ძალებისა, რომელსაც საქართველომ გაუძლო საუკუნეების მანძილზე, ქართველი ხალხის გამბედაობისა და სიმამაცის დამსახურებით.

საბჭოთა კავშირს ესმოდა, რომ აზრის შემოქმედებითობა და დამოუკიდებლობა საფრთხეს უქმნიდა ოკუპაციასა და რეპრესიებს. მწერლები წარმოადგენდნენ საფრთხეს, რომელთა ხმა უნდა ჩაეხშოთ და გაენადგურებინათ. ამ მწერალთაგან მრავლის სახელი საყოველთაოდ არის ცნობილი – საბჭოთა პოლიციის მიერ ნაწამები და დახვრეტილი მიხეილ ჯავახიშვილი და ტიციან ტაბიძე; თვითმკვლელობამდე მიყვანილი პაოლო იაშვილი და გალაკტიონ ტაბიძე. ზუსტად ჩვენს თავზე, სადაც ახლა ვიმყოფებით, 1937 წლის 21 ივლისს პაოლომ სანადირო თოფით მოიკლა თავი. ამ ოთახებში იმართებოდა სამსჯავროები. კიდევ ბევრი შეეწირა ამ პროცესებს. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიას არ შემოუნახავს მათი სახელები, ჩვენ მაინც გვემახსოვრება ისინი.

ეს მუზეუმი, პოემები და მწერლები გვანახვებს წარსული ავტორიტარიზმის შედეგებს, ასევე გვახსენებს, რომ ეს საფრთხე გრძელდება. 1930-იან წლებში კრემლმა მწერლების რეპრესიები დაიწყო, მათ მიაკერა უცხოური აგენტების იარლიყი და საფრთხედ მიიჩნია კრემლის კონტროლისთვის. თუმცა საქართველოს აქვს განსაკუთრებული ლიტერატურული და კულტურული ტრადიცია, რომელიც არის თვითმყოფადი და რუსეთისგან განცალკევებული. დღესაც არიან ადამიანები, ვინც ცდილობს უარყოს საქართველოს ისტორიული ერთობა ევროპასთან, ცდილობს უარყოს საქართველოს კავშირი დასავლეთთან. აქ ვხედავთ, რა მოაქვს რუსეთთან „მეგობრობას“- რეპრესიები და სასოწარკვეთა. ის უარყოფს საქართველოს თვითმყოფად იდენტობას, ცდილობს გაანადგუროს საქართველოს კულტურა. აქ ყოფნისას უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს კომპრომისი, კრემლი უგულებელყოფს მათ, ვინც მის ძალას ეწინააღმდეგება და რაც უფრო დიდ ძალაუფლებას მიიღებს, მით უფრო მეტ ჩვენგანს გააჩუმებს, ისე როგორც ძალადობრივად გააკეთა ეს საქართველოში 1921, 1924, 1931, 1937, 1956, 1978, 1989, 1993 და 2008 წლებში, და ეს ჩამონათვალი არ მოიცავს მხოლოდ გასულ საუკუნეებს.

ეს სახლი არის საქართველოს ნების, გამბედაობის, დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და წარმატებული ევროპული მომავლის სიმბოლო. გვახსოვს დიდი მწერალი და სახელმწიფო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძე, რომელმაც თავისი ცხოვრება მიუძღვნა ქართული კულტურისა და ენის დაცვას; ასევე, ქართული თვითმყოფადი იდენტობისთვის რუსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს სახლი არის პოლიტიკური თავისუფლების სიმბოლო. გვახსოვს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, (…) აქ გაიყო საქართველოსა და რუსეთის გზები, ჩვენი გზა ევროპისკენ მიდის. რომ არა საბჭოთა ოკუპაცია, საქართველო იქნებოდა წარმატებული ევროპული ქვეყანა. (…) არასოდეს იქნება კრემლი არც ამ სახლში, არც საქართველოში და არც ევროპაში. დღეს ეს სახლი გახდა საქართველოს შემოქმედებითი თავისუფლებისა და საერთაშორისო მომავლის სიმბოლო. უნდა გვახსოვდეს წარსული მაშინაც კი, როცა ერთად ვმუშაობთ უკეთესი მომავლის შექმნისთვის. რუსული აგრესიისა და ავტორიტარიზმისგან თავისუფალი მომავლისთვის.”

კელი დეგნანი და ნატა ლომოური რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმის გახსნაზე

საბჭოთა წარსულის მკვლევარმა ირაკლი ხვადაგიანმა პარალელები გაავლო საბჭოთა წარსულსა და დღევანდელობას შორის.

„ფაქტობრივად, საბჭოთა რუსულმა აგრესიულმა, ტოტალიტარულმა სახელმწიფომ, რუსული იმპერიალიზმის იდეამ წაგვართვა, მოგვპარა მეოცე საუკუნე. ჩვენ დღემდე განვიცდით ამ შედეგებს და აი, ამ პროცესში, რა თქმა უნდა, მეხსიერება იყო ძალიან გამოკვეთილი სამიზნე, ისტორიის გაყალბებით, გადაწერით, ათობით, ასობით, ათიათასობით ადამიანის ფიზიკურად განადგურებით და მათი კვალის წაშლით. (…) ჩვენ უნდა დაგვევიყწყებინა, ვინ ვართ და რა არის ჩვენი, როგორც ერისა და საზოგადოების ამოცანა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ რომ ახლა არ ვიმყოფებოდეთ ასეთ გარდამტეხ და ძალიან რთულ დროში, შეიძლება ეს სიტყვები ყოფილიყო დავარცხნილი, ტრაფარეტული, გარკვეულწილად მოსაწყენი, მაგრამ ჩვენი სინდისი და სამოქალაქო ვალდებულება არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს არ გამოვიყენოთ და კიდევ ერთხელ არ შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, რომ ეს წარსული გვასწავლის ძალიან მთავარ და საკვანძო რამდენიმე იდეას. ასეთი ცხადი არასოდეს ყოფილა, რა უნდა იყოს, რა არის ჩვენი სახელმწიფოს და ერის ამოცანა, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ განათლებული, ცივილიზებული, მშვიდობიანი დასავლელი თანამეგობრობის წევრი. ეს იყო ცხადზე ცხადი და საყოველთაოდ მიღებული 1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის, რომლებიც აშენებდნენ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომლის ნაწილიც იყო ეს სახლი და სივრცე, ოღონდ უკვე საბჭოთა რუსულმა აგრესიამ, სტალინის მიერ საკუთარ სამშობლოზე შურისძიებამ ეს პერსპექტივა მაშინ მოკლა. დღეს, ერთი საუკუნის მერე, ჩვენ ვდგავართ ანალოგიურ გზაგასაყარზე და ეს ცოდნა, ეს გამოცდილება გვაჩვენებს- რომ არა ჩვენი მთავარი იდეა და მისწრაფება, რომელიც ყველას უნდა გვესმოდეს და ამის გარშემო გავერთიანდეთ – სად არის ჩვენი ადგილი. ჩვენი ადგილი არის იქ, სადაც არის მშვიდობა, განათლება, ცივილიზაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავკარგავთ ყველაზე მთავარს, ჩვენს იდენტობას, და ეს განვლილი 70 წელი, საბჭოთა რუსული ოკუპაციის, ტოტალიტარიზმის და რუსული რეპრესიების, არის ყველაზე ცხადი მაგალითი, თუ რა შეიძლება დაგვემართოს, თუ ამ გზიდან გადავუხვევთ.”

მან თავისი სიტყვა დაასრულა სანდრო სულაბერიძის ფრაზით:

„მინდა ჩემი გამოსვლა და გზავნილი დავამთავრო იმ ფრაზით, რომელიც ყუმბარასავით გასკდა გასული კვირების განმავლობაში. როდესაც ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ ვხედავთ ტოტალიტარული წარსულის შედეგებს, მის გავლენას, ტენდენციას მცდელობებს, რომ ეს ისევ ინსტრუმენტად იყოს გამოყენებული და მიემართებათ ხელოვანებს, მწერლებს, მხატვრებს, ამ ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეებს, რომ შეუძლებელია ბოროტებამ გაიმარჯვოს, რომ ხელოვნება არის ცოცხალი და თავისუფალი და ყოველთვის ასე იქნება. თუნდაც ათწლეულების განმავლობაში ის დაახრჩოს, გაანადგუროს, წაშალოს ბოროტებამ, ის მაინც ამოიყრის და მაინც მივა თავის მსმენელამდე თუ მკითხველამდე და მიიტანს თავის იდეას, რომელიც ჩვენი მთავარი ორიენტირი უნდა იყოს – თავისუფლება და დამოუკიდებლობა.”

რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმის მნიშვნელობაზე ნეტგაზეთს ესაუბრა ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი – ლაშა ბაქარაძეც:

„როდესაც ნატა ლომოური აქ მოვიდა, მაშინ ვუთხარი, რომ აქ (მწერალთა სახლის ეზოში) არის ჩამოწერილი ის ადამიანები, რომლებიც საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლნი იყვნენ. ვუთხარი, რომ ეს არის მხოლოდ მცირე ნაწილი ძალიან ცნობილი რეპრესირებული მწერლებისა. მაშინ უკვე მქონდა მომზადებული საკმაოდ დიდი სია რეპრესირებული მწერლების და ვუთხარი, რომ ეს არის გამოსაცვლელი და გასაკეთებელია ახალი სია, რომელიც ბევრად უფრო დიდი იქნება და დროთა განმავლობაში შეიძლება კიდევ რაღაცები დაემატოს. ძალიან მოხარული ვარ, რომ ახლა რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი გაკეთდა და, როგორც ნატამაც თქვა, ეს არის პატარა გადადგმული ნაბიჯი იქითკენ, რომ იქნებ ოდესმე საქართველოში გაკეთდეს სერიოზული, დიდი მუზეუმი. მაგრამ არა მხოლოდ მუზეუმი როგორც გამოფენა, არამედ კვლევითი ცენტრი, რომლის დაარსებაც სახელმწიფოს ინტერესებში უნდა შედიოდეს და ეხმარებოდეს, რომ საბჭოთა წარსული გამოკვლეული იქნეს. ეს პატარა მუზეუმი არის ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი და ამას ძალიან მივესალმები.”

ლაშა ბაქრაძე რეპრესირებული მწერლების მემორიალთან

მასალების გადაბეჭდვის წესი