ახალი ამბები

სამწუხაროა, რომ უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე არ მიგვიწვიეს — პრეზიდენტის ადმინისტრაცია

1 მარტი, 2023 • 1235
სამწუხაროა, რომ უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე არ მიგვიწვიეს — პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სამწუხაროდ მიიჩნევს, რომ 2023 წლის 28 თებერვალს გამართული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელი დასასწრებად მიწვეული არ ყოფილა.

„განხილული საკითხები, რომელიც მოიცავს მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვან ტენდენციებს და მათ შორის, „უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს“, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს თუ საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განხილვას, ყველა შემთხვევაში მოითხოვდა პრეზიდენტის წარმომადგენლის საბჭოზე დასწრებას“, — აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა არაერთხელ დააყენა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის საკითხი, ასევე, ხაზი გაუსვა ამ ფორმატში რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლით არსებული გამოწვევების შესწავლის აუცილებლობას, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.

„ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამომდინარე, ძნელი გასაგებია ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის წარმომადგენლის ამ განხილვების გარეთ დატოვება“, — ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, 28 თებერვალს გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სხდომაზე განხილულ იქნა მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ტენდენციები, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს.

სხდომაზე ასევე განხილულ იქნა ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების განახლების პროცესი, მათ შორის, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის 2023-2027 წლების სტრატეგიის“ საბოლოო რედაქცია და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი დამტკიცების შესახებ. ყურადღება დაეთმო „საფრთხეების შეფასების დოკუმენტის“ და „საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის“ განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მიმდინარე წელს კიბერუსაფრთხოების ეროვნული ფორუმის გამართვის თაობაზე.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ საბჭოს მდივანი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და საბჭოს მუდმივი წევრები: თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე და თავდაცვის ძალების მეთაური გიორგი მათიაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი