„ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ პრეზიდენტი ზეპარტიული და საზოგადოების გამაერთიანებელი უნდა იყოს.

თავად ყაველაშვილი სამი მოწვევის პარლამენტის წევრია და პრეზიდენტობის კანდიდატი „ქართული ოცნების“ წარდგენით გახდა.

პრეზიდენტად წარდგენისთვის მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს.

„განსაკუთრებული მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენთვის საამაყო და გამორჩეულ პიროვნებას. ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ მე ამაყი ვარ და ბედნიერი ვარ, ასეთ რთულ, გამოწვეულ ეპოქაში ჩვენი ქვეყნის დაცვა მიწევს ამ ადამიანთან ერთად და დიდი მადლობა იმისთვის, რომ ეს ნდობა მომანიჭა. ასევე მადლობა ჩემს თანამებრძოლებს, უმრავლესობის თითოეულ წევრს ამ ნდობის გამოცხადებისთვის. გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ჩვენდა სამწუხაროდ, მოქმედმა პრეზიდენტმა პირდაპირ შეურაცხყო და უგულებელყო ჩვენი მთავარი დოკუმენტი – საქართველოს კონსტიტუცია და დღესაც აგრძელებს მის დარღვევას. აქედან გამომდინარე ჩვენი საზოგადოება არის დაპირისპირებული, რადიკალიზაცია და პოლარიზაცია გაღვივებული, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ჩვენი არაკეთილმოსურნე „მეგობრები“ ასევე ეხმარებიან, რომ ეს პროცესი უფრო მეტად გამძაფრდეს“, — განაცხადა ყაველაშვილმა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მისია პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნება იქნება.

„ჩვენ გვაქვს ძალიან გამართული კონსტიტუცია და ძალიან საპასუხისმგებლო პრეზიდენტის ინსტიტუტი . ყველაზე მთავარი მოცემულობაა, რომ სწორედ ზეპარტიული, საზოგადოების გამაერთიანებელი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოში ქართველებს არ გვესწავლება, რომ სიძულვილი ნამდვილად ყოფს და აპირისპირებს ადამიანებს. ამის საპირისპიროდ სიყვარული არის გამაერთიანებელი. გულწრფელად მინდა გითხრათ, მკაფიოდ, და დაგპირდეთ, ნამდვილად უსაზღვროდ მიყვარს ჩემი სამშობლო და ჩემი ქვეყანა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს საზოგადოების გაერთიანებისთვის ჩვენი ეროვნული ინტერესები, ეროვნული იდენტობა, ღირებულებები, საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ირგვლივ საზოგადოება გავაერთიანოთ. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება მხარს დაგვიჭერს და უფრო მეტად ძლიერს გავხდით ჩვენს სამშობლოს, ჩვენს საქართველოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, — განაცხადა ყაველაშვილმა წარდგენისას.

ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი მეცხრე და მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნების“ სიიდან. მეათე მოწვევის პარლამენტში ის „ქართული ოცნებიდან“ „სიმართლის თქმის“ მიზეზით გამოყოფილი, ანტიდასავლური „ხალხის ძალის“ წევრი გახდა და ერთ-ერთ ის დეპუტატი იყო, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩეოდა. ყაველაშვილი მე-11 მოწვევის პარლამენტშიც მოხვდა „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ საერთო სიით.


წელს პირველად, პრეზიდენტი აირჩევა არა ხალხის პირდაპირი საარჩევნო უფლებით, არამედ საარჩევნო კოლეგიის მიერ. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 წევრი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის 150 წევრი, აფხაზეთისა (20 წევრი) და აჭარის (21 წევრი) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის დანარჩენი 109 წევრი კი, ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებზე მიღებული მხარდაჭერის პროპორციული კვოტების შესაბამისად, პოლიტიკურმა პარტიებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან უნდა დაასახელონ.

შესაბამისად, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს გამოკლებით, პარტია „ქართულ ოცნებას“ კოლეგიაში 156 წევრი (პარლამენტიდან — 89, საკრებულოებიდან — 54 და აჭარის უმაღლესი საბჭოდან — 13) დეპუტატი ეყოლება.

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელიც საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც მიიღებს. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. მაშასადამე, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ პირველივე ტურში ვერ მოახერხებს 200 ხმის მობილიზებას, მეორე ტურში პრეზიდენტის არჩევას კოლეგიის 151 წევრითაც შეძლებს, რაც გარანტირებული აქვს. პარლამენტის თავმჯდომარის დადგენილებით, საჭიროების შემთხვევაში არჩევნების მეორე ტური იმავე დღეს ჩატარდება.

 

„ოცნება“ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილს დანიშნავს