საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) დირექტორის, პროფესორი კორნელი კაკაჩიას შეფასებით, თუ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას არ ისახავს მიზნად, მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა „ვერანაირ ლოგიკაში ვერ ჯდება“.
„პრობლემაა, რომ პრეზიდენტის კანდიდატის მიმართ მოთხოვნა და დონე „ქართული ოცნების“ პირობებში უფრო და უფრო ეცემა და ახლა, მე მგონი, ფსკერს უწია. აქამდე კანდიდატს არჩევდნენ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულს, თუმცა მეტ-ნაკლებად გამოცდილს საერთაშორისო, დიპლომატიურ თუ სახელმწიფოებრივ საქმიანობაში. ახლა ყაველაშვილის კანდიდატურა საერთოდ ლოგიკაში ვერ ჯდება“, — ამბობს კაკაჩია.
ის ხაზს უსვამს, რომ მიხეილ ყაველაშვილს არანაირი გამოცდილება არ აქვს სახელმწიფოს მართვის საკითხებში.
„ასევე ძალიან საეჭვოა მისი ღირებულებები დემოკრატიასთან თუ სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებაში. პირიქით, ცნობილია ანტიდასავლური და ანტიევროპული სენტიმენტებით. კანდიდატი როცა თავად ამბობს, პრეზიდენტის პოსტი გამაერთიანებელი უნდა იყოს, თავად საამისოდ ვერც ერთ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, ძალიან ბევრი შეკითხვა იბადება, რის გამო დანიშნეს ასეთი ადამიანი — საზოგადოებაში პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი გულაცრუება რომ იყოს? ვერ ვხვდები“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ კაკაჩიამ.
„ქართულმა ოცნებამ“ მომავალ პრეზიდენტად ყოფილი ფეხბურთელი და ანტიდასავლური „ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. ყაველაშვილი სამი მოწვევის პარლამენტის წევრია, რომელმაც საზოგადოებას თავი გინებით, ჩხუბით და ანტიდასავლური განცხადებებით დაამახსოვრა.
2022 წელს, მე-10 მოწვევის პარლამენტში ყოფნისას, მიხეილ ყაველაშვილმა, სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, „ქართული ოცნება“ დატოვა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩა. „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატებმა მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს და თქვეს, რომ ასე უკეთ შეძლებდნენ „კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციის გატანას“ და საზოგადოებისთვის სიმართლის მიწოდებას. „ხალხის ძალა“ იქცა „ოცნების“ მთავარ რუპორად მმართველი პარტიის მიერ წამოწყებული ანტიდასავლური პროპაგანდისა, თითქოს საქართველო მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმის გამო დაისაჯა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2022 წელს ამიტომ ვერ მიიღო.
2022 წელს სწორედ მიხეილ ყაველაშვილმა გაავრცელა ღია წერილი აშშ-ის მაშინდელი ელჩის, კელი დეგნანის მიმართ, სადაც აცხადებდა, რომ საქართველოს ომში ჩართვის სურვილი მოდის არა რუსეთისგან, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული ადამიანების მხრიდან. თუმცა წერილმა კითხვები გააჩინა, იყო თუ არა ნამდვილად ყაველაშვილის დაწერილი, რის გამოც „ხალხის ძალის“ წევრს მტკიცება მოუწია, რომ ტექსტის ავტორი თავად იყო. თავად კელი დეგნანმა კი ყაველაშვილის წერილს ტყუილებზე აგებული უწოდა და განაცხადა, რომ „ბოლომდე ვერც კი წაიკითხა“.
თავდაპირველად სწორედ „ხალხის ძალის“ დეპუტატების სახელით მომზადდა მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემზღუდავი რუსული კანონი, რომელიც მათ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას ითვალისწინებს. მართალია, პირველ ეტაპზედ „ხალხის ძალის“ სახელით შემუშავებული კანონპროექტი საზოგადოებრივი პროტესტის გამო ვერ მიიღეს, თუმცა ერთი წლის შემდეგ პარლამენტში „ოცნების“ ხელმოწერით შემოაბრუნეს და საბოლოოდ დაამტკიცეს.
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ისტორიაში პირველი უდიპლომო პრეზიდენტი იქნება. საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის პრეზიდენტს განათლების ცენზს არ უწესებს. თუმცა მიხეილ ყაველაშვილს უმაღლესი განათლება დასჭირდა 2015 წელს, როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა სურდა. მაშინ სწორედ უმაღლესი განათლების არქონის გამო ვერ შეძლო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა.
დეკლარაციის მიხედვით, მიხეილ ყაველაშვილის ერთადერთი ქონება 22 000 დოლარიანი ავტოფარეხია. თუმცა ყაველაშვილი იმ დეპუტატებს შორისაა, რომლებიც ქონებრივი დეკლარაციის შევსებას პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან. საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციის არასწორი შევსების გამო ის არაერთხელ დაუჯარიმებია.