საზოგადოება

რა ვიცით მიხეილ ყაველაშვილზე

27 ნოემბერი, 2024 •
რა ვიცით მიხეილ ყაველაშვილზე

„ქართულმა ოცნებამ“ მომავალ პრეზიდენტად ყოფილი ფეხბურთელი და ანტიდასავლური „ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა.

ამ სტატიაში მიმოვიხილავთ, ვინ არის მიხეილ ყაველაშვილი, რა განათლება და სამუშაო გამოცდილება აქვს მას და რით დაამახსოვრა თავი საზოგადოებას.

პირველი უდიპლომო პრეზიდენტი

მიხეილ ყაველაშვილი ბოლო ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“, ის ასევე მოხვდა მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტშიც, რომლის კონსტიტუციურობაც სადავოა. მიუხედავად იმისა, რომ ყაველაშვილი სამგზის პარლამენტარია, მისი განათლების შესახებ გრაფა ცარიელია და ინფორმაცია არც სხვა საჯარო წყაროებში მოიპოვება.

 

2 წლის წინ  „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ პარლამენტისგან გამოითხოვა  მიხეილ ყაველაშვილის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები. თუმცა პარლამენტიდან უპასუხეს, რომ ყაველაშვილს აღნიშნული დოკუმენტები საკანონმდებლო ორგანოში არ წარუდგენია.

შესაბამისად, საჯარო წყაროების მიხედვით, პირს, რომელსაც „ქართული ოცნება“ პრეზიდენტად არჩევას უპირებს, უმაღლესი განათლება არ აქვს.

 

საქართველოს კონსტიტუცია არ განსაზღვრავს, სჭირდება თუ არა ქვეყნის პრეზიდენტს უმაღლესი განათლება. კონსტიტუციის მიხედვით, „საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელს მაინც“.

თუმცა მიხეილ ყაველაშვილს უმაღლესი განათლება დასჭირდა 2015 წელს, როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა სურდა. მაშინ მსწორედ უმაღლესი განათლების არქონის გამო ვერ შეძლო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა.

მაშინ ყაველაშვილი ამბობდა, რომ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა არსებობს, სადაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ან მაღალჩინოსანს, უმაღლესი განათლება არ აქვს და დებულება, რომელიც მას დიპლომის ქონას ავალდებულებდა, უსამართლო იყო.

„საბჭოთა კავშირის პერიოდში ისეთი სისტემა იყო, რომ წარმოუდგენელი იყო, ფეხბურთელს უმაღლესი განათლება მიეღო. ეს პრაქტიკა არსებობს მთელ მსოფლიოში. უეფას პრეზიდენტს, პლატინისაც არ აქვს უმაღლესი განათლება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის განზრახ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია ჩემ წინააღმდეგ. ამიტომ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ სასამართლოში და ვეცდები ჩემი სიმართლის დამტკიცებას. დებულება ორი წლის შინ მიიღო ფეხბურთის ფედერაციამ და მოვითხოვ მის გაუქმებას“, – აცხადებდა მიხეილ ყაველაშვილი 2015 წელს.

თუმცა დიპლომის არქონას მისთვის ხელი არ შეუშლია, პარლამენტის წევრი გამხდარიყო. კანონმდებლობის თანახმად, უმაღლესი განათლების ქონა არც პარლამენტის წევრს მოეთხოვება.  2016 წელს მიხეილ ყაველაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში აღმოჩნდა და პარლამენტის წევრიც გახდა.

რაც შეეხება მიხეილ ყაველაშვილის სამუშაო გამოცდილებას, პარლამენტის გვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის მიხედვით, ასე გამოიყურება:

  • 2016 წელისაზოგადოებრივი მაუწყებელი, საფეხბურთო ექსპერტი
  • 2009 წლიდან – დღემდეFiFPro, დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი
  • 2005 – 2006  წლები – „გაზელი“, ფეხბურთელი
  • 2004 – 2005 წლები – „არაუ“, ფეხბურთელი
  • 2004 წელი  – „ალანია-ვლადიკავკაზი“, ფეხბურთელი
  • 2003 – 2004 წლები – „სიონი“, ფეხბურთელი
  • 2002 – 2003 წლები – „ლუცერნი“, ფეხბურთელი
  • 1999 – 2002 წლები – „ციურიხი“, ფეხბურთელი
  • 1997 – 1999 წლები „გრასჰოფერი“, ფეხბურთელი
  • 1995 – 1997 წლები – „მანჩესტერ-სიტი“, ფეხბურთელი
  • 1994 – 1995 წლები – „ალანია-ვლადიკავკაზი“, ფეხბურთელი
  • 1988 – 1995 წლები –  „დინამო თბილისი“, ფეხბურთელი

„არც სახლი, არც მანქანა, მხოლოდ ავტოფარეხი“

საჯარო ინფორმაციის მიხედვით, უმაღლესი განათლების მსგავსად, მიხეილ ყაველაშვილი არც ქონებას ფლობს, მათ შორის უცნობია, აქვს თუ არა მას საცხოვრებელი სახლი.  დეკლარაციის მიხედვით, ერთადერთი, რაც მის საკუთრებაშია, 2007 წელს 22 000 დოლარად შეძენილი ავტოფარეხია.

საჯარო რეესტრის 2008 წლის ამონაწერის მიხედვით, ყაველაშვილი, გარდა ავტოფარეხისა, ზუსტად იმავე მისამართზე 481 კვ.მეტრ  ფართობს ფლობდა – მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სართულზე. ეს ფართობი მას იპოთეკით ჰქონდა დატვირთული „სილქ როუდ ბანკში“.

2009 წლის ამონაწერის მიხედვით ეს ქონება სააქციო საზოგადოება „ბითიეი“ ბანკის [იგივე სილქ ბანკი] საკუთრებად არის დარეგისტრირებული. საფუძველი: იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ბიუროს განკარგულება.

2022 წლის ამონაწერით კი, ყაველაშვილი აქ მხოლოდ ავტოფარეხს – 88 კვ.მეტრს ფლობს. 481 კვ.მეტრი კი, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სართულზე [იმავე საკადასტრო კოდით] ვინმე ნინო გოგეშვილს ეკუთვნის.

ყაველაშვილს სამი შვილი ჰყავს. უფროსი ინგლისში, მანჩესტერშია დაბადებული, მეორე – შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში. მესამე შვილი მას 2013 წელს საქართველოში შეეძინა. წინა ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს ასევე მის მეუღლეს, თამარ ბაგრატიონს. თამარ ბაგრატიონი მომღერალ ლიზა ბაგრატიონის დაა.

ასევე, ყაველაშვილმა 2022 წლის დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი მეუღლე, თამარ ბაგრატიონი შპს „გეომაკის“ 40 პროცენტის მფლობელია, თუმცა წინა წელს შევსებულ დეკლარაციაში ეს დაფიქსირებული აქვს. დეკლარაციების მიხედვით, თამარ ბაგრატიონს ამ კომპანიიდან შემოსავალი 2016 წლიდან დღემდე არ მიუღია.

დეპუტატის დეკლარაციის მიხედვით, 2016 წლიდან დღემდე თამარ ბაგრატიონი დასაქმებული არ ყოფილა.

წინა დეკლარაციაში ყაველაშვილმა მიუთითა, რომ  უფროსი შვილი, მარიამ ყაველაშვილი ინდმეწარმედ არის დარეგისტრირებული. როგორც 2019 წელს შევსებულ დეკლარაციაშია მითითებული, მას საცხობი ჰქონდა. 2022 წლის მარტში მარიამ ყაველაშვილმა შპს „meltfranchise“ (ბრენდული სახელწოდება melt) დააფუძნა. იგი თავად არის ამ კომპანიის დირექტორი და 100-პროცენტიანი წილის მფლობელი.

მარიამ ყაველაშვილი და გიორგი ივანიშვილი [თამარ ბაგრატიონის შვილი პირველი ქორწინებიდან] ყაველაშვილის ბოლო დეკლარაციაში აღარ ფიქსირდებიან [ამის მიზეზი სავარაუდოდ ის არის, რომ ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ]. გიორგი ივანიშვილი ფეხბურთელია.

მიხეილ ყაველაშვილი შვეიცარიაში რეგისტრირებული კომპანიის – Oil trade and invest gmbh -ის 24,5%-ის მფლობელი იყო. ამის შესახებ ყაველაშვილმა 2019 წლის ქონებრივ დეკლარაციაში თავად ჩაწერა, თუმცა ამ კომპანიაზე ჩანაწერი ბოლო დეკლარაციებში აღარ ფიგურირებს. კომპანიის წილების გასხვისების ან გაჩუქების თაობაზე 2020-2023 წლების დეკლარაციებში არაფერი იძებნება.

გინება, ჩხუბი, ანტიდასავლური განცხადებები

მიხეილ ყაველაშვილი ამჟამად მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრია ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ საერთო სიით. ის „ქართული ოცნების“  მაჟორიტარული სიით მეცხრე და მეათე მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
2022 წელს, მეათე მოწვევის პარლამენტში ყოფნისას,  მიხეილ ყაველაშვილმა, სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად,  „ქართული ოცნება“ დატოვა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩა. „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატებმა  მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს და თქვეს, რომ ასე უკეთ შეძლებდნენ „კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციის გატანას“ და საზოგადოებისთვის სიმართლის მიწოდებას.

„ხალხის ძალა“ იქცა „ოცნების“ მთავარ რუპორად მმართველი პარტიის მიერ წამოწყებული ანტიდასავლური პროპაგანდისა, თითქოს საქართველო მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმის გამო დაისაჯა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2022 წელს ამიტომ ვერ მიიღო.

2022 წელს სწორედ მიხეილ ყაველაშვილმა გაავრცელა ღია წერილი აშშ-ის მაშინდელი ელჩის, კელი დეგნანის მიმართ, სადაც აცხადებდა, რომ საქართველოს ომში ჩართვის სურვილი მოდის არა რუსეთისგან, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული ადამიანების მხრიდან. თუმცა წერილმა კითხვები გააჩინა, იყო თუ არა ნამდვილად ყაველაშვილის დაწერილი, რის გამოც  „ხალხის ძალის“ წევრს მტკიცება მოუწია, რომ ტექსტის ავტორი თავად იყო. თავად კელი დეგნანმა კი ყაველაშვილის წერილს ტყუილებზე აგებული უწოდა და განაცხადა, რომ „ბოლომდე ვერც კი წაიკითხა“.

გარდა ამისა, თავდაპირველად სწორედ „ხალხის ძალის“ დეპუტატების სახელით მომზადდა მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემზღუდავი რუსული კანონი, რომელიც მათ „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს. მართალია, პირველ ეტაპზედ „ხალხის ძალის“ სახელით შემუშავებული კანონპროექტი საზოგადოებრივი პროტესტის გამო ვერ მიიღეს, თუმცა   ერთი წლის შემდეგ პარლამენტში „ოცნების“ ხელმოწერით შემოაბრუნეს და საბოლოოდ დაამტკიცეს. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის პრეზიდენტად შერჩეული პირი არის ერთ-ერთი ავტორი და მხარდამჭერი რუსული კანონისა, რომლის გამოც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერდა.

თუმცა 2023 წლის მარტში, როცა რუსული კანონის მიღების მცდელობას საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ  ევროკავშირის წევრობა თვითმიზანი არ არის. ყაველაშვილი ამბობდა, რომ სტრატეგიული პარტნიორების კრიტიკა და მოწოდებები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა.

„ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი კი არ არის. ევროკავშირი მე იმიტომ მინდა, რომ ეს სამართლიანობა იყოს დაცული, მე ვერავინ უნდა მიმითითებდეს, რომ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკანონიერი ქმედება ჩავიდინო იმიტომ, რომ თუ ამას გავაკეთებ, მე ევროკავშირის წევრი ვერ გავხდები.

რა არის ეს, გამაგებინეთ. ვინმემ შეგიძლიათ ამიხსნათ, რა წერია ამ კანონში ისეთი, რომელიც არის ანტიდემოკრატიული, ანტიკონსტიტუციური და ევროპასთან შესაბამისობაში არ მოდის”, – აცხადებდა ყაველაშვილი, რომლის პოზიცია ახლაც უცვლელია.

„საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს. ჩვენ და თქვენ შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შევე*ი…“ – თქვა ყაველაშვილმა.

გარდა ამისა, რუსული კანონის გამო საზოგადოებისთვის საპატიო სახეების კრიტიკის პასუხად, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ენათმეცნიერი მზექალა შანიძე და ფეხბურთელი შოთა არველაძე „ამჩატდნენ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი