ახალი ამბები

„ვერ შევთანხმდით! რადგან ეს კანონი არ არის გამჭვირვალობაზე“ — NGO-ები პაპუაშვილს შეხვდნენ

28 თებერვალი, 2023 • 908
„ვერ შევთანხმდით! რადგან ეს კანონი არ არის გამჭვირვალობაზე“ — NGO-ები პაპუაშვილს შეხვდნენ

დღეს, 28 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი სადავო კანონპროექტის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, მასში მონაწილე NGO-ების წარმომადგენლებმა განაცხადეს, კანონი გამჭვირვალობაზე არაა და, შესაბამისად, შალვა პაპუაშვილთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

„ჟურნალისტიკის რესურსცენტრისა“ და „რეგიონულ მედიათა ალიანსის“ ხელმძღვანელის, ნათია კუპრაშვილის განცხადებით, მათი პოზიციაა, რომ კანონის მიღება წითელი ხაზია, ის კლავს ქვეყნის მომავალს და ფეხქვეშ თელავს იმ ადამიანების ღირსებას, რომლებიც მართლაც არიან ქვეყნის სამსახურში:

„ჩვენ ვერ შევთანხმდით! რადგან ეს კანონი არ არის გამჭვირვალობაზე! გამჭვირვალობის ინიციატივები სწორედ სამოქალაქო სექტორის მხრიდან არის შეტანილი წლების წინ პარლამენტში და თაროზეა შემოდებული! შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენი პოზიცია ნათლად იყო მოსმენილი უმრავლესობის მიერ, კერძოდ ჩვენი პოზიციაა – მიუღებელია სწორედ პრინციპების დონეზე ამ კანონის მიღება, რომელიც კლავს ქვეყნის მომავალს და, ამავდროულად, ფეხქვეშ უნდა გათელოს თავისუფალი, ქვეყნის მართლა მსახური ადამიანების ღირსება, და რომ ეს კანონი არ უნდა იქნას მიღებული პირველი მოსმენით, რომ ეს წითელი ხაზია“, — აცხადებს ნათია კუპრაშვილი.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილიც. როგორც ის „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ამბობს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლება შეხვედრაზე მათი პრინციპული პოზიცია გაახმიანეს, რომ ორივე კანონი პარლამენტიდან გაწვეულ უნდა იქნას.

გოგოლაშვილის თქმით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ კანონპროექტი აზიანებს საქართველოს ერვოპულ პერსპექტივას, საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და  სამოქალაქო სექტორს აყენებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში:

„კანონპროექტი პრაქტიკულად რიყავს, არ აძლევს საშუალებას სამოქალაქო სექტორს, შეასრულოს თავისი როლი და გადაჰყავს პოლიტიკური ოპონენტის მდგომარეობაში. ამიტომ, ეს კანონი უდნა გაიწვიონ აუცილებლად. ის, რომ ამის ინიციირებამ უკვე დააზიანა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და საფრთხე შეუქმნა სტატუსის მიღებას, მაგრამ მაინც იმისთვის, რომ ეს პროცესი სრულად არ იქნეს დაკარგული, კანონი უნდა იქნას გაწვეული.

გვითხრეს, რომ ჩვენ შეგვიძლია ტერმინები შევცვალოთო, „გავლენის აგენტი“ თუ ძალიან ყურში გხვდებათ, ამაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთო, რაზეც ჩვენ ვუთხარით, რომ ტერმინები, რა თქმა უნდა, მიუღებელია, თუმცა  საქმე ეს არაა. ვუთხარით, რომ შეიძლება ტერმინები შეცვალონ, მაგრამ კანონი მთელი მისი შინაარსით არის მიუღებელი და დისკრიმინაციული. მცდელობა იყო იმისა, რომ გადაეტანათ საუბარი იმაზე, გამჭვირვალობა ხომ საჭიროაო.

ამაზე ჩვენი არგუმენტები იყო, რომ გამჭვირვალობა არის საკმარისი და საკმარისზე მეტიც. მათი არგუმენტი იყო, ხალხს აინტერესებს, უცხოეთიდან დაფინანსებას რომ იღებენ, ვისგან იღებენ ეს ორგანიზაციებიო, რაზეც ვუთხარით, რომ დონორები თავად ითხოვენ და ამ ორგანიზაციებს თავად აქვთ გამოქვეყნებული ეს ინფორმაცია. მეორე მხრივ, ვკითხეთ, რაიმე პეტიცია შეიქმნა, წერილები მიიღეს, სადაც ვინმე ითხოვდა ამას? ამაზე ვერაფერი გვიპასუხეს. გამოჩნდა, რომ არანაირ ხალხთან არავის არანაირი კონსულტაცია არ ჩაუტარებია. 5-6 კაცს „ხალხის ძალაში“ თავში რაღაცა მოუვიდა და ხალხის სახელით აპირებენ დისკრიმინაციული კანონის მიღებას“ ,— ამბობს გოგოლაშვილი „ნეტგაზეთთან“.

მისი თქმით, სამწუხაროდ, შალვა პაპუაშვილმა შეხვედრაზე რამდენჯერმე გახმიანებული თავს მოხვეული ფრაზა, თითქოსდა რაიმე გაუმჭვირვალეა, პრესკონფერენციაზეც გამოიტანა და განაცხადა, თითქოს სამოქალაქო სექტორთან შეთანხმება შედგა:

„ვფიქრობ, შევთანხმდით იმაზე, რომ გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი. აქაც ჩანს, ჩემი დაკვირვებით, რომ არის გარკვეული ნაწილი, რომელიც ცდილობს, რომ ზუსტად ეს ნაწილი დაბლოკოს მსჯელობის, გამჭვირვალობის ნაწილი და არის, როგორც ჩანს, ნაწილში, საჯარო დისკუსიას რასაც ვისმენ, მცდელობა, რომ დაფარონ საკუთარი ფინანსური შემოსავლები და ა.შ.

არ არსებობს დღეს ფორმატი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თანაბრად გამჭვირვალე იყოს ეს ორგანიზაციები. დღეს არსებული სისტემა არის, რომ ნებაყოფლობით ხდება ამის გამოქვეყნება, არიან ორგანიზაციები, ვინც აქვეყნებენ, არიან ორგანიზაციები, ვინც არ აქვეყნებენ. მათ შორის, ვინც აქვეყნებენ, იქაც არის ორი ტიპის, რომელიც უფრო დეტალიზებული არის, მეორე ნაკლებად. თვითრეგულაციაზე მიტოვება ამ საკითხის აჩვენებს, რომ გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი არ არის”, – აცხადებს პაპუაშვილი.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიცირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, სადაც „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონი თითქმის ერთი საუკუნის წინ ამოქმედდა.

აღნიშნულ კანონპროექტს რუსული უწოდა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა. იგივე შეფასება გააკეთა ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმაც.

ვრცლად ამ საკითხზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი