ახალი ამბები

თუ ვენეციის კომისია თეთრზე დაწერს შავს, ამასაც ვიტყვით და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ – მდინარაძე

27 თებერვალი, 2023 • 1288
თუ ვენეციის კომისია თეთრზე დაწერს შავს, ამასაც ვიტყვით და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ – მდინარაძე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვენეციის კომისიის დასკვნაში “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტებში “თეთრზე დაიწერება შავი”, მმართველი პარტია “შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს”. ამის შესახებ მან დღეს, 27 თებერვალს “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ ისაუბრა.

კერძოდ, ჟურნალისტმა მდინარაძეს ჰკითხა, რა აზრი ჰქონდა “ხალხის ძალის” ორი კანონპროექტის გაგზავნას ვენეციის კომისიაში, თუ მათ შორის ერთ-ერთს საპარლამენტო უმრავლესობა ყველა შემთხვევაში მიიღებს, როგორც ეს მანამდე კობახიძემ თქვა. აღნიშნულ შეკითხვაზე მდინარაძემ განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებას “ყველა შემთხვევაში აპირებენ”, თუმცა, მისი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც “თეთრზე იწერება შავი” და თუ ვენეციის კომისიის დასკვნაც ასეთი იქნება, “ამასაც იტყვიან”:

“ვენეციის კომისია რაღაცას დაწერს, ხომ? ეს რაღაცა იქნება ან არგუმენტირებული, ან ჰაერიდან მოტანილი. თქვენ თვითონაც შეხედავთ, ეს თუ იქნება ჰაერიდან მოტანილი. მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენ ვაპირებთ, გავითვალისწინოთ.

თუ თეთრი შავზე დაიწერა და ასეთი საოცრება მოხდა… ხომ მოხდა ეგეთი საოცრება, მაგალითად, თეთრი შავზე დაიწერა ევროპარლამენტის 500 დეპუტატის მონაწილეობით. ასეთი აბსურდული შემთხვევა თუ იქნა, მაშინ კი ბატონო, ეს დათქმა ასე იქნება. მაგრამ ჩემთვის პირადად მთლად წარმოუდგენელი შეიძლება არ იყოს, მაგრამ არ მაქვს ასეთი მოლოდინი, რომ თეთრი შავზე იურიდიული დასკვნის სახით დაიწეროს. ამას ხომ მთელი მსოფლიო ნახავს. მაქვს მოლოდინი, რომ დაიწერება არგუმენტები, რომელი არგუმენტებიც შეიძლება რიგ შემთხვევაში გათვალისწინებული იყოს. მაგრამ თუ თეთრზე დაიწერება შავი, ამ შემთხვევაში ჩვენ ამასაც ვიტყვით და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განმარტა მდინარაძემ.

მდინარაძის განცხადებამდე ირაკლი კობახიძემ ასევე თქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პირველი მოსმენით განხილვისას მხარს დაუჭერს “ხალხის ძალის” მიერ წარდგენილ ორივე კანონპროექტს, შემდეგ ორივეს გაგზავნიან ვენეციის კომისიაში, ითხოვენ დასკვნის დაჩქარებული წესით წარმოდგენას, რის შემდეგაც “დასრულდება კანონპროექტის შესაბამისი ვერსიის მიღება”. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა “ან ერთ, ან მეორე კანონს ყველა შემთხვევაში მიიღებს”, მანამდე კი ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი