ახალი ამბები

კარგი იქნებოდა, EU-ს ქვეყნებმა ამ დემარშით სააკაშვილის გარემოცვას რომ მიმართოს – ვოლსკი

27 თებერვალი, 2023 • 894
კარგი იქნებოდა, EU-ს ქვეყნებმა ამ დემარშით სააკაშვილის გარემოცვას რომ მიმართოს – ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, გია ვოლსკი ეხმაურება ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით იუსტიციის მინისტრისთვის გადაცემულ დემარშს [ოფიციალურ გზავნილს], რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას შეეხება. ვოლსკის თქმით, “კარგი იქნებოდა”, ევროკავშირის ქვეყნებს აღნიშნული დემარშით რომ მიემართათ სააკაშვილის გარემოცვისთვის.

ამის შესახებ მან დღეს, 27 თებერვალს ჟურნალისტებთან განაცხადა.

“კარგი იქნებოდა, რომ ამ დემარშით ევროკავშირის ქვეყნებმა, ნებისმიერმა, ვინც ამ საკითხებში ერკვევა, მიმართოს სააკაშვილის გარემოცვას, რომ თავი დაანებონ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ყოფნის ამ სტრატეგიას”, – განაცხადა ვოლსკიმ.

დღეს, ვოლსკის განცხადებამდე, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 27 წევრი სახელმწიფოს სახელით საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიხეილ სააკაშვილის შესახებ დემარშით [ოფიციალური გზავნილი] მიმართა. მას თან ახლდა შვედეთის ელჩი.

“ძალიან შეშფოთებული ვართ მისი გაუარესებული მდგომარეობის შესახებ ანგარიშების გამო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დემარში შეთანხმებულია ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოსთან, რომლებიც ამ დემარშზე ბრიუსელში, ევროკავშირის 27-ვე დედაქალაქის წარმომადგენლების მონაწილეობით შეთანხმდნენ”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ შეხვედრის შემდეგ.

ამავე თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი